“ყველა უნივერსიტეტი ასწრებდა ერთმანეთს, ხელს ვინ მოაწერდა”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების ჩამოწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარის თქმით, სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტის დავალიანების 20%-ს გადაუხდის, სტუდენტს კი ის მთლიანად გაუნულდება. მინისტრი ამბობს, რომ შეთავაზება ყველას მიმართ ერთნაირი იყო. ეს არის ობიექტური საბაზრო ფასი იმ ვალისა, რომელიც აქვთ. ეს დაახლოებით ვალის ოდენობის 20% იქნება. მისი განმარტებით, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, სტატუსი მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს, უფლებამოსილია, ახლავე მიმართოს თავის უნივერსიტეტს, რომელიც შინაგანაწესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებასა და სტუდენტის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე შემუშავდა კრიტერიუმები. გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ. გიორგი ამილახვარის ცნობით, ამ დროისთვის შეთავაზებაზე უარი აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა თქვეს. უნივერსიტეტები, რომლებმაც მოაწერეს ხელი შესაბამის მემორანდუმს, აცხადებენ, რომ მთავრობის შეთავაზება მათთვის მისაღები აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო მიუღებელი თანხები, თუმცა უნივერსიტეტების ნაწილი არ გამორიცხავს სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილს მთავრობის ამ გადაწყვეტილების გარეშეც დაეფარათ დავალიანება და დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.