2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სასესხო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა მკვეთრად შეეზღუდათ. ცვლილებამ ყველაზე მეტად გავლენა მცირე ზომის სამომხმარებლო სესხებზე მოახდინა.
2019 წლის პირველ კვარტალში 5000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.
ამ ცვლილებაზე საპასუხოდ, ბიზნესი თავად გეგმავს საბანკო ფუნქციების შეთავსებას. დეველოპერული კომპანიები, ასევე ელექტროტექნიკის მაღაზიები ახალი მექანიზმების შექმნას გეგმავენ, რათა მომხმარებლებს საგანვადებო სესხის მსგავსი პროდუქტი შესთავაზონ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, თუ ამ ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
“თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული, იქნება სესხის ხასიათის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით თუ იგივე და გათანაბრებულ პროდუქტებზე იქნება საუბარი. ჩვენ დავაკვირდებით იმას თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და შესაბამის ზომებს მივიღებთ იმისდა მიხედვით, თუ რა ზომა იქნება და რა გაქანება ექნება ამ მიმართულებას", - ამბობს გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების მიმართულება რაც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა, სრულ თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ხედვასთან.
“პირველი კვარტლის შედეგებს თუ შევხედავთ, მიმართულება, რომელიც დღეს არის, არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენ ვფიქრობდით, თუმცა ერთი კვარტალიდან ამ დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება. თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, დიახ, არის სამომხმარებლო სესხების შემცირება. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, რომ სამომხმარებლო სესხები აბსოლუტურად არაჯანსაღად იზრდებოდა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ის შედეგები, რასაც ჩვენ მოველოდით. კერძოდ, გადამისამართება სამომხმარებლო სესხებიდან ბიზნეს სესხებში, ეს არის ის ცალსახა ტრენდი, რაც გამოიკვეთა", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

























