მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს?

6492d0346555e
მარიამ იზორია
24.06.23 23:34
641
ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინოების ფესტივალი გაიმართა. მეღვინეებმა დამსწრეებს საკუთარი პროდუქცია გააცნეს. ქვეყანაში ჯამში სულ 29 ადგილწარმოშობის ჯიში არსებობს, ამ ჯიშებისგან ღვინოს კი დაახლოებით 70-ზე მეტი მარანი აწარმოებს.

რა არის საჭირო იმისთვის, რათა ადგილწარმოშობის ჯიშის ღვინოების მიმართ ინტერესი გაიზარდოს და მცირე მარნებმა პროდუქტის რეალიზაცია შეძლონ? – bm.ge-ს ამ შეკითხვას იმ მეღვინეებმა უპასუხეს, რომლებიც ადგილწარმოშობის ღვინოებს აწარმოებენ.

მეღვინეობა „ელიზაბეთტალის“ დამფუძნებელი, ანტონ ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება, რასაც მეღვინეები მაშინ შეძლებენ, როცა უფრო მეტი წვდომა ექნებათ სხვადასხვა ლაბორატორიულ შემოწმებებზე.

„ამ ჯიშების პოპულარიზაცია ქვეყანაში სულ ახლა დაიწყო, შესაბამისად, საჭიროა ისინი საერთაშორისო ბაზრებსაც გავაცნოთ. ამისთვის კი უნდა შენარჩუნდეს ხარისხი და უნდა მოხდეს მათი შემოწმება, პიარი და ხარისხის მაღალ დონეზე შენარჩუნება.

ამ ეტაპისთვის უცხოურ ბაზრებზე უფრო მეტად მაინც უფრო პოპულარული ჯიშები, საფერავი, რქაწითელი გადის“ - ამბობს ის.

მცირე მარნები ჩვენთან ადგილწარმოშობის ჯიშების განვითარება-პოპულარიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობენ. ჯიშების აღდგენის ტენდენცია რომ შეინიშნება ეს უკვე კარგია, თუმცა ცხადია არსებობს პრობლემებიც. ზოგად გამოწვევებს შორის მეღვინეები წარმოების მცირე მოცულობას ასახელებენ, რის გამოც სხვა ჯიშებთან კონკურენცია უჭირთ. პატარა მარნებისთვის გამოწვევაა სარეალიზაციო ბაზრებიც. რაც შეეხება წლევანდელ პრობლემებს, მეღვინეობების წარმომადგენლებმა კლიმატზე ისაუბრეს, რამაც მოსავლის მოცულობას შეუქმნა საფრთხე.

„წლევანდელი კლიმატიდან გამომდინარე, იყო ურთულესი, რომ შეგვენარჩუნებინა მოსავალი. ვინც არ ვიყენებთ დაბალი ხარისხის და ცუდი შედეგების მომტან პრეპარატებს და ვიყენებთ მხოლოდ ბიოპრეპარატებს, გვიწევდა ყოველი წვიმის შემდეგ შეწამვლა, ამიტომ ეს მოსავლის მოცულობაზეც აისახა“ - აღნიშნავს „ელიზაბეთტალის“ დამფუძნებელი, ანტონ ვაჭარაძე.

დაცული ადგილწარმოშობის ჯიშების აღდგენის ტენდენტციის გააქტიურება უკვე აჩვენბს იმას, რომ ქვეყანაში ეს მიმართულება განვითარებას იწყებს და შედეგიც წლებთან ერთად გაუმჯობესდება. მეღვინეები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებას ამ ეტაპისთვის კარგი ტემპი აქვს აღებული, რაც უკვე დადებით მოლოდინებს აჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები