მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პოტენციალი აქვს საქართველოში ჟოლოს წარმოებას - კვლევა

5b8256ad5f485
BM.GE
26.08.18 11:27
4719
PMCG კვლევამ საქართველოში ჟოლოს წარმოების პოტენციალი შეისწავლა.
მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით ჟოლოს წარმოება არ არის სათანადოდ განვითარებული საქართველოში, და მხოლოდ მცირე რაოდენობით ხდება მისი წარმოება, მიჩნეულ იქნა რომ ამ კულტურას აქვს პოტენციალი წარმატებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა, ჩაანაცვლოს იმპორტი და ასევე მოხდეს მისი ევროკავშირში ექსპორტირება. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით მცხეთა-მთიანეთში კვლევის ობიექტად მოხდა ჟოლოს კულტურის შერჩევა. საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟოლოს იმპორტი რაც განპირობებულია ადგილზე წარმოების მოცულობის სიმცირითა და პროდუქციის სეზონურობაზე დამოკიდებულებით. შესაბამისი სტანდარტების სამაცივრე და შემნახველი სიმძლავრეების არ არსებობა რეგიონში და ასევე ჟოლოს მცირე მოსავალი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში მიეწოდოს ბაზარს. აღნიშნული სიცარიელის შევსება ხორციელდება იმპორტის საშუალებით. საკუთარი ბაზრის სრულად ათვისების შემდგომ ქართველ ჟოლოს მწარმოებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი პროდუქცია მიაწოდონ ევროპის ბაზარს. მსოფლიოში, ევროპა წარმოადგენს ჟოლოს ყველაზე დიდ იმპორტიორს. საქართველოში არსებული მწარმოებლის საშუალო ფასი, ბევრად დაბალია ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს საქართველოს უპირატესობას აძლევს გახდეს მიმზიდველი ევროპის ბაზრისთვის და ასევე კონკურენცია გაუწიოს სხვა იმპორტიორებს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) უფრო აახლოვებს ქართველ ჟოლოს მწარმოებელ ფერმერებს ევროკავშირის ბაზართან, თუმცა ჯერ რასაკვირველია ქართველი მწარმოებლების მიერ უნდა მოხდეს იმ სტანდარტებისა და რეგულაციების ათვისება რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით. უნდა აღინიშნოს რომ, ეს შეთანხმება უმრავლესობა პირველადი წარმოების პროდუქტს ათავისუფლებს ტარიფებისაგან. ერთერთ ამ პროდუქტთაგანია ჟოლო, რომლის ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირში მოხდება ყოველგვარი გადასახადებისა და შეზღუდვების გარეშე. მიიჩნევა რომ ჟოლო ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კულტურაა სხვა სასოფლოსამეურნეო კულტურებთან შედარებით. იგი საინტერესოა იმითაც რომ მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტია და მცირემიწიანობის პირობებში მისი წარმოება შედარებით მაღალშემოსავალიანია. არსებული მონაცემებით ჩანს, რომ ბოლო წლებში ჟოლოსადმი ინტერესი იზრდება და შესაბამისად შესაძლებელი ხდება ამ კულტურის განვითარების რეალური პროგნოზების დასახვა.

მსოფლიოში ჟოლოს წარმოების მხრივ წამყვანი ქვეყანაა რუსეთი, რომლის წარმოება 2016 წელს იყო 164.602 ტონა, მას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები - 137.829 ტონით, პოლონეთი - 129.063 ტონით, მექსიაკა - 112.661 ტონით და მეხუთე ადგილზეა სერბეთი 61.875 ტონით. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში ჟოლოს წარმოების თითქმის 76%. ჟოლოს მწარმოებელი ქვეყნების ათეულში შედიან უკრაინა(31.920 ტონა), ჩილე(19.132 ტონა), ესპანეთი(17.808 ტონა) პორტუგალია(16.972 ტონა)
ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე ჟოლოს მოხმარება გაიზარდა 475%-ით 2002 წელთან შედარებით. მოთხოვნის საპასუხოდ წარმოების ზრდის ტემპი მსოფლიოშიც იზრდება.
გაყინული ჟოლოს ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა გერმანია. მსოფლიოში გაყინული ჟოლოს იმპორტის მოცულობის 22%(99 950 ტონა) მოდის გერმანიაზე. მას მოჰყვება საფრანგეთი, რომლის წილი შეადგენს 9%-ს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ჟოლოს წარმოების მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო 2016 წლიდან. 2016 წელს ჟოლოს წარმოება მთელი საქართველოს მასშტაბით შეადგენს სულ 200 ტონას. 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით ჟოლოს წარმოება საქართველოში გაზრდილია 50%-ით. ოფიციალური მონაცემები რეგიონებში წარმოების მიხედვით არ არის ჩაშლილი საკმარისი დაკვირვებების არარსებობის გამო. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, საქსტატის 2017 წლის წინასწარი შედეგების მიხედვით, ჟოლო ერთადერთი კულტურაა მრავალწლიან კულტურათა შორის რომლის წარმოება 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად ჟოლოს წარმოების მოცულობა საქართველოში ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში დასტურდება. ამ მონაცემების თანახმად სულ საქართველოში იწარმოება 1016 ტონა ჟოლო. აქედან ყველაზე მეტი(47%) იწარმოება შიდა ქართლის რეგიონში. იმავე მონაცემების თანახმად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჟოლო დარგულია 17.8 ჰექტარ მიწაზე და სულ იწარმოება 30 ტონა ჟოლო. მცხეთა-მთიანეთში ბევრია ახლად გაშენებული პლანტაცია რომელიც ჯერ მსხმოიარობაში არ შესულა, შესაბამისად წარმოება მომდევნო წლებში სავარაუდოდ ბევრად გაიზრდება. აღსანიშნავია ასევე რომ, ბევრია ისეთი ოჯახი რომლებსაც ჟოლო აქვს გაშენებული 30-40 კვადრატულ მეტრ მიწაზე და მოჰყავთ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. თუმცა როგორც კვლევიდან გამოვლინდა ჟოლოს წარმოებს საოჯახო მეურნეობებიდან თანდათან ინაცვლებს უფრო მასტაბურ წარმოებაში. რეგიონში ჟოლოს ფართობის მიხედვით მოწინავე ადგილბზეა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები