ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა, რომ საქართველოში საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა დაიწყო.
მისი თქმით, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო დარწმუნებული უნდა იყოს ამ დანახარჯების ეფექტურობაში.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო დარწმუნებული უნდა იყოს ამ დანახარჯების ეფექტურობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას“, - აცხადებს სილვიუ დომენტე.
მისი განმარტებით, საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ. ამის მაგალითია ნიდერლანდები და გერმანია.
„აღნიშნულ სისტემებს აქვთ შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები, მათი დახმარებით გაწეული ხარისხის შეფასება ხდება. ძირითადად, ეს ინდიკატორები დაკავშირებულია ლეტალობასთან, ასევე, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პაციენტის კმაყოფილებასთან. საბოლოოდ, ამან, შესაძლოა, მიგვიყვანოს სელექციურ კონტრაქტირებასთან,“-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
მისივე ცნობით, სამინისტროს შეუძლია, სამედიცინო დაწესებულებებთან კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ითანამშრომლოს. სელექციური კონტრაქტირება დანახარჯებს და ლეტალობის მაჩვენებლებს ამცირებს, ხოლო მკურნალობის საერთო შედეგს აუმჯობესებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.