„ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენც შეგვეკითხებოდნენ ზოგადად, რა ხდება, მაგრამ ეს კითხვა არ დასმულა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ეს განცხადება Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ საუბრისას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა.
მისი თქმით, დღემდე ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვისმენ იმ განცხადებებს, რაც ზოგადად კეთდება, როგორც - ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენც შეგვეკითხებოდნენ ზოგადად, რა ხდება, მაგრამ ეს კითხვა არ დასმულა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის მთავარი აეროპორტი, არის დედაქალაქის მთავარი აეროპორტი, რომელიც წელიწადში 4 მლნ მგზავრს ემსახურება“, - განაცხადა ზაქარაძემ.
bm.ge აღნიშნულ თემაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიუღია.
შეგახსენებთ: 8 ივლისიდან ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა წყდება.
Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 5-5 რუსული ავიაკომპანია ოპერირებს.
თეა ზაქარაძის თქმითვე, ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა მთლიანი ტრაფიკის 36% იყო, ხოლო თბილისში ივნისში ამ მაჩვენებელმა 18% შეადგინა.
რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რუსულ ავიაკომპანიებზე მთლიანი ტრაფიკის 26% მოდიოდა, თბილისში კი - 24%.

























