მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემას ჭრის ახალი ქართული აპლიკაცია Ally? - ინვესტორის განმარტება

ally

Ally ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველ ადამიანს საერთო ნაცნობების გავლით დაუკავშირდეს - უფრო ვრცლად აპლიკაციის ფუნქციონალზე “საქმიანი დილას” ეთერში Ally-ის ანგელოზი ინვესტორი, ლევან ლაშქარავა საუბრობს.

მისი თქმით, Ally საშუალებას იძლევა, შენთვის სასურველ პიროვნებასა და თქვენს საერთო ნაცნობს შორის ურთიერთობის ხარისხი დაინახო და ზუსტად შეაფასო, კონკრეტულად ვისი დახმარებით შეძლებ სასურველ პირთან დაკონტაქტებას.

“Ally-მ დააიდენტიფიცირა პრობლემა, რომ, ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, პატარა ქვეყანაში ცხოვრობ თუ დიდში, და გინდა დაუკავშირდე ადამიანს, რომელთანაც საერთო ნაცნობი გყავს, მათი ურთიერთობის ხარისხს ხშირად ვერ ხედავ, კონკურენტი პლატფორმების შესაძლებლობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც კონკრეტულ პიროვნებასთან გინდა ხმის მიწვდენა ან შეხვედრის დაორგანიზება და არ იცი, ვისი გავლით შეგიძლია ეს გააკეთო - ამ პრობლემას აგვარებს Ally”, - განმარტავს ლაშქარავა.

სტარტაპის ინვესტორი Ally-ის ფუნქციონალის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ სასურველ პირთან საერთო ნაცნობების მოსაძებნად აპლიკაციაში დარეგისტრირებაც არ არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარეგისტრირებული არ ხართ, მაგრამ, პირობითად, X ადამიანთან გსურთ დაკავშირება, აპლიკაციაში მის სახელსა და გვარს შეიყვანთ, Ally კი გიჩვენებთ, რამდენი საერთო ნაცნობი გყავთ მათთან და მათგან რომელს აკავშირებს ყველაზე ხარისხიანი ურთიერთობა სასურველ პიროვნებასთან - თქვენ უკვე შეგეძლებათ, X ადამიანთან დაკავშირების თხოვნით თქვენს საერთო ნაცნობს, საერთო მეგობარს მიმართოთ.

კითხვაზე, რა განასხვავებს Ally-ს ჩვეულებრივი სოციალური ქსელებისგან, სადაც საერთო კონტაქტებსა და მეგობრის მეგობრებს ისედაც ვხედავთ, ლაშქარავა განმარტავს, რომ მთავარი განსხვავება მასშტაბებშია.

“პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ LinkedIn-ზე თუ Facebook-ზე დამეგობრებულ ორ ადამიანს შორის ჩვენ ურთიერთობის ხარისხს ვერ ვხედავთ. Ally-ის შემთხვევაში, აპლიკაციაში რეგისტრაციისას თქვენ ამ კონტაქტებს ადეკლარირებთ, თუ რა ტიპის ურთიერთობა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, რამდენად ახლო კავშირია თქვენს შორის, რადგან თუ მესამე პირს თქვენი მეგობრისგან რამე სჭირდება, ეცოდინება, რომ თქვენ შეუძლია მოგმართოთ და მასთან დაკავშირებაში დაეხმარებით.

მეორე განსხვავება ისაა, რომ დღევანდელი სოციალური პლატფორმებით თქვენ მხოლოდ პირველ და მეორე კონტაქტს - მეგობარსა და მეგობრის მეგობარს - შეგიძლიათ მისწვდეს. Ally-ის შემთხვევაში შეგიძლია, რომ “ხელის 6 ჩამორთმევის” პრინციპით ნებისმიერ ადამიანზე გახვიდე. მაგალითად, 6 ადამიანის ჯაჭვით შეგიძლია გახვიდე ბარაკ ობამაზეც კი”, - აღნიშნავს ლაშქარავა.

სტარტაპის ინვესტორი აღნიშნავს, რომ Ally-ის მიზანი გლობალურ ბაზარზე გასვლა და დამკვიდრებაა.

“რა თქმა უნდა, ამოცანა გლობალურ ბაზარზე გასვლაა. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის განვითარებისა და ე.წ. bug fix-ების ეტაპი უკვე გავიარეთ, ახლა იწყება აქტიური კამპანია იმისთვის, რომ მომხმარებელთა ბაზა გავზარდოთ - აპლიკაციაში უკვე არის იმპორტირებული მილიონამდე კონტაქტი, საიდანაც 700 000 უნიკალური კონტაქტია.

შემდეგი ეტაპი გლობალურ ბაზარზე გასვლაა, რისთვისაც საჭიროა როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსები, რომელიც, დღეის მდგომარეობით, კომპანიაში ხელმისაწვდომია”, - ამბობს ლაშქარავა.

Ally-ის ინვესტორი განმარტავს, რომ სტარტაპი GDPR-ის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები ევროპული სტანდარტების შესაბამისადაა დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები