რა პრობლემებია საქართველოში არსებულ მოხუცთა პანსიონატებში? - ამ საკითხზე „ქალების ნარატივის“ ეთერში პროექტ „მესტუმრეს“ მენეჯერმა, ელენე ბერაძემ ისაუბრა.
„მოხუცთა პანსიონატებში არ არსებობს არანაირი სერვისი. ისინი მხოლოდ მოხუცებულთა კვებასა და მოვლაზე არიან გადასული. კერძო პანსიონატებშიც მოხუცებულები მხოლოდ მომვლელების კეთილ ნებაზე არიან მინდობილნი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ სიბერესა და ხანდაზმულობაზე, რასაც უნდა მივაღწიოთ ყველამ, უნდა არსებობდეს პრევენციული სერვისები, უნდა არსებობდეს ისეთი სახლები, სადაც ხანდაზმულს ღირსეული სიბერე შეუძლია ჰქონდეს გარანტირებულად, ხოლო ოჯახის წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიყვანოს ხანდაზმული ისეთ გარემოში, სადაც ღირსეულ სიბერეს შესთავაზებენ. ყოფილა ისეთი ხანდაზმულთა სახლებიც, სადაც ძალიან ბევრი პრობლემის გამო შევაჩერეთ მოხალისეობრივი საქმიანობა“, - აღნიშნა ელენე ბერაძემ.
მისივე თქმით, საბედნიეროდ ნელ-ნელა ხანდაზმულთა სივრცეში მომუშავე სპეციალისტები და მომვლელები აცნობიერებენ, რომ ხანდაზმულებისთვის კვებასა და ჯანსაღ ფიზიკურ გარემოსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები და აქტივობები, რომლებიც დღის განმავლობაში უნდა იყოს გაწერილი.
ინფორმაციისთვის, პროექტი „მესტუმრე“ საქართველოში ორგანიზაცია MAC Georgia-ს მიერ, 2019 წლიდან ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მისცეს ახალგაზრდებთან სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში მოხალისეები სტუმრობენ ხანდაზმულ მეგობრებს 5 თვის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე, ერთი საათით და ატარებენ მათთან დროს სასიამოვნო აქტივობებით.
„მესტუმრეში“ ჩართულია თბილისში არსებული 7 და ოზურგეთში, ანასეულში არსებული 1 ხანდაზმულთა სახლი. წელს მესტუმრემ 90 მოხალისეს უმასპინძლა. მოხალისეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.