მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პრობლემებს უქმნის გლობალურ ბაზარს კატარის მიერ გაზის წარმოების შეწყვეტა?

ougarta_lng

კატარის სახელმწიფო ენერგოგიგანტის, QatarEnergy-ს მიერ წარმოების შეჩერებამ მსოფლიო ბაზრებზე შოკური ტალღა გამოიწვია.

ირანული დრონების თავდასხმამ მესაიდისა და რას ლაფანის ინდუსტრიულ ზონებზე აიძულა კომპანია, გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და შეეწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ს მიწოდება.

ვინაიდან კატარი გლობალური ბაზრის 20%-ს აკონტროლებს, მიწოდების შეწყვეტამ ფასების მყისიერი ნახტომი გამოიწვია: ევროპული გაზის ფასი თითქმის 50%-ით, ხოლო აზიური LNG-ის - 39%-ით გაიზარდა.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე საზღვაო დაპირისპირება აშშ-სა და ირანს შორის. სტრატეგიულ სავაჭრო გზაზე მოძრაობა 86%-ით შემცირდა, რის გამოც დაახლოებით 700 ხომალდი, მათ შორის LNG ტანკერები, ღია ზღვაშია გაჩერებული. ექსპერტების შეფასებით, ბაზრიდან კატარის დროებითმა გასვლამ ქვეყნებს შორის დარჩენილი რესურსებისთვის ბრძოლა შეიძლება გამოიწვიოს, რაც განსაკუთრებით მტკივნეული აზიური ბაზრებისთვის, ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშისთვის შეიძლება აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ინდოეთმა მარაგების დაზოგვის მიზნით მწარმოებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა.

მიუხედავად იმისა, რომ კატარის ექსპორტის 82% აზიაზე მოდის, წარმოების შეჩერება ევროპასაც დიდ პრობლემებს უქმნის. ევროკავშირის გაზის კოორდინაციის ჯგუფი ოთხშაბათს საგანგებო სხდომას გამართავს, რათა შეაფასოს ენერგოუსაფრთხოების რისკები. სტენფორდის უნივერსიტეტის ენერგოექსპერტის, მაქსიმ სონინის თქმით, ბაზარზე მაღალი ვოლატილობა შენარჩუნდება, თუმცა 2022 წლის ენერგოკრიზისის გამეორება ევროპაში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ზამთრის პერიოდი თითქმის დასრულებულია.

საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ ბაზრის დაკარგვის შემდეგ, აშშ გახდა მსოფლიოში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელსაც კატარი და ავსტრალია მოჰყვებიან. თუ კატარის ობიექტების აღდგენა დროში გაიწელება, გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა მწარმოებლების ხარჯზე მოუწევთ, რაც ენერგორესურსების ღირებულების კიდევ უფრო გაზრდის წინაპირობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები