დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული 10 მლნ ლარის ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო ინდუსტრიულმა ჯგუფმა Green Alliance-მა დააფუძნა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციიდან 6 მლნ ლარი შეღავთიანი აგროკრედიტია. აგრო ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელმა და პარტნიორმა არჩილ გიორგაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, რომ ფერმის სამომავლო გეგმები დიდია, ხოლო წლების შემდგომ გათვლა საექსპორტო ბაზრებზეც აქვთ.
“ჩვენი მიზანია, რომ ფერმა იყოს ავტონომიური, ანუ ფერმა თავისი საკვები ბაზით მომარაგდება და მას ზამთარში ცხოველების გამოკვება დამოუკიდებლად შეეძლება. წლის ბოლოსთვის პროდუქტი სავაჭრო ქსელებში გამოჩნდება და აღნიშნულის კუთხით რამდენიმე კომპანიასთან უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საექსპორტო პოტენციალიც დიდია. სწორედ ამიტომ, მომავალში კიდევ დამატებით ორი მსგავსი ავტონომიური ციკლის ფერმის შექმნას ვგეგმავთ, რისი ამოქმედების შემდგომაც ექსპორტზე შეგვეძლება საუბარი.” - განმარტა გიორგაძემ.
აგრო ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებლის თქმითვე, კომპანიას მესაქონლეობის გარდა კიდევ სამი ძირითადი მიმართულება აქვს.
“ნატახტარში ქარხანა ავამუშავეთ, რომელიც გაყინულ პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს და საქართველოში საცალო და ჰორეკა სექტორს ამარაგებს. ასევეა ძირტკბილას ექსტრაქტის წარმოება, რასაც დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო მეოთხე პროექტი ეს სუფრის ყურძნის წარმოებაა, რომელიც სართიჭალაში 36 ჰექტარზეა განთავსებული.
სექტორების არჩევა იმ პრინციპების საფუძველზე ხდება, თუ ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტის პოტენციალი სად არის, როგორც რესურსების კუთხით, ასევე შემდგომ მისი რეალიზების კუთხით. ყველა პროექტის დაწყებას წინ ერთწლიანი შესწავლის პროცესი უძღოდა", - აღნიშნა არჩილ გიორგაძემ.
რაც შეეხება სუფრის ყურძნის წარმოებას, კომპანიას იმპორტირებულის ჩანაცვლების ამბიცია აქვს.
“ვენახი შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილია, რათა თუნდაც სეტყვამ არ დააზიანოს. დღეის მდგომარეობით სამაცივრე მეურნეობაზე ვმუშაობთ, რათა მთელი სეზონის განმავლობაში მიწოდება შეუფერხებლად მოვახდინოთ. 36 ჰექტარზეა გაშენებული და მისი მსხმოიარობა რამდენიმე ათეული ტონა იქნება. შემოდგომაზე პირველ ნიშნებს ველოდებით. არსებობს როგორც იმპორტის ჩანაცვლების ასევე ექსპორტის უდიდესი პოტენციალი", - განაცხადა აგრო ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელმა.