საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება.
ლაგარდი ქართველი სტუდენტების წინაშე საქართველოს ეკონომიკის შესახებ მოხსენებით წარსდა, სადაც მან ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად მოუწია.
კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოსთვის, როგორც ღია და გახსნილი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სატრანსპორტო დერეფანის გამოყენება, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ საწინდარს წარმოადგენს.
"საქართველო მუხლჩაუხრელად მუშაობს, რათა ქვეყნის ეკონომიკაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წილი გაზარდოს, რათა ის ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ სივრცედ იქცეს. ეს მოითხოვს დიდი ზომის საჯარო ინვესტიციებსა და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას.
მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს შავ ზღვას დაუკავშირებს. სწორედ ამგვარი პროექტები გაზრდიან საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობას და ადგილობრივი ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას შეუწყობენ ხელს.
ჩვენ ვხედავთ რომ საექსპორტო სექტორი კარგად იზრდება და სწორედ ის წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მდგენელ ფაქტორს. ახლა მთავარია გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოს სრული პოტენციალი გაიხსნას მსოფლიოსთვის და შეიქმნას მაღალი ხარისხის სატრანსპორტო ქსელი, რათა განმტკიცდეს და გაძლიერდეს რეგიონალური ვაჭრობა. ამ ყველაფერში საქართველოს ხელს შეუწყობენ ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიც, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირსა და ჩინეთთან აქვს გაფორმებული", - ამბობს ლაგარდი.

























