მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონება დარჩა ოსკაროსან მსახიობს რობერტ დიუვალს, რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა?

robert duvall

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალის, რომელიც 15 თებერვალს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის წმინდა ქონება დარჩა. ამის შესახებ გამოცემა The Economic Times წერს და აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მსახიობის შვიდი 70 წლიანი კარიერის შედეგია, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამერიკულ კინოსა და ტელევიზიაში.

ჰოლივუდის იმ ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც ფინანსურ წარმატებას ერთ კონკრეტულ ბლოკბასტერულ პროექტს უკავშირებენ, დიუვალმა საკუთარი ქონება ათწლეულების განმავლობაში, თანმიმდევრულად შერჩეული და მაღალი ღირებულების მქონე როლებით დააგროვა. მისი მასშტაბური ფილმოგრაფია გლობალურ სალაროებში 3.15 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს აერთიანებს. კარიერის ერთ-ერთ საწყის ეტაპზე, ფილმ „ნათლიმამაში“ შესრულებული როლისთვის მან 36,000 დოლარი მიიღო, მოგვიანებით კი უკვე მრავალმილიონიან ჰონორარებს იღებდა. მის აქტივებში შედიოდა ვირჯინიის შტატის ქალაქ მიდლბურგში მდებარე 360-აკრიანი მამული და 1992 წელს დაარსებული საპროდიუსერო კომპანია Butcher’s Run Films.

დიუვალის პროფესიული გზა 1960-იან წლებში მცირე როლებით დაიწყო, ფართო აღიარება კი ფილმმა „ნუ მოკლავ ჯაფარას“ მოუტანა. 1970-იან წლებში „ნათლიმამას“ გლობალურმა წარმატებამ მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადაიყვანა, ხოლო ფილმმა „აპოკალიფსი ახლა“ კიდევ უფრო გაამყარა მისი პოზიციები ინდუსტრიაში. 1980-იან წლებში მსახიობი უკვე მაღალი ანაზღაურების მქონე მთავარი როლების შემსრულებელი იყო. ფილმისთვის Tender Mercies მიღებულმა „ოსკარმა“ მისი პროფესიული სტატუსი კიდევ უფრო გააძლიერა და კონტრაქტების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა.

ინდუსტრიის შეფასებით, 1980-იან და 1990-იან წლებში მისი დონის მსახიობები მსხვილი სტუდიური პროექტებისთვის მრავალმილიონიან ჰონორარებს იღებდნენ. დიუვალის შემოსავალი კი მოიცავდა როგორც სტუდიურ ანაზღაურებებს, ისე ტელემაუწყებლობიდან და მოგვიანებით სტრიმინგის პლატფორმებიდან მიღებულ ჰონორარებს. მის მიერ შექმნილ პროექტებში, მათ შორის ფილმში „მოციქული“ მონაწილეობამ მას დამატებითი ფინანსური სარგებელი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირებულად ცხოვრობდა და ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდებოდა. მას შვილები არ ჰყავდა; მისი მეუღლე, ლუჩანა პედრაზა, რომელზედაც 2005 წელს დაქორწინდა, სავარაუდოდ, ქონების მემკვიდრე იქნება, თუმცა დეტალები საჯაროდ არ გავრცელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ დიუვალი არ ყოფილა თანამედროვე სუპერგმირული ფრენჩაიზების ვარსკვლავი, დაახლოებით 50-70 მილიონი დოლარის ქონება მას პატივსაცემ ვეტერან მსახიობთა წრეში ამკვიდრებს. მისი კარიერა დაფუძნებული იყო არა მხოლოდ კომერციულ წარმატებაზე, არამედ პროფესიულ რეპუტაციასა და გრძელვადიან სტაბილურობაზე, რაც საბოლოოდ ფინანსურ შედეგებშიც აისახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები