მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი?

5e18b6ff2eb04
BM.GE
11.01.20 00:00
5212
მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორდებოდნენ და ფინანსური დამოუკიდებლობის მიზნით იმუშავებდნენ, გაჩნდა კითხვები თუ რამდენს შეადგენს სამეფო წყვილის ამჟამინდელი ქონება და საიდან აქვთ მათ შემოსავალი.

როგორც ბრიტანული გამოცემა, Standard-ი წერს, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთობლივი ქონება ამჟამად დაახლოებით 33 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრები, მეგანი და ჰარიც შემოსავლის 5%-ს იღებენ ე.წ სუვერენული გრანტის სახით, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან სამეფო ოჯახს ყოველწლიურად გადაეცემა. დანარჩენ 95%-ს კი ისინი იღებენ კორნუოლის საგრაფოსგან, რომელიც ჰარის მამის პრინც ჩარლზის კერძო მამულებს წარმოადგენს. როგორც ბრიტანული მედია წერს, სამეფო ოჯახის სრულფასოვანი ცხოვრებისგან დისტანცირების შემდეგ, ჰარი და მეგანი ე.წ სუვერენულ გრანტს აღარ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე მეგანი პრინცს გაჰყვებოდა ცოლად, საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო. ხელფასი კი ექვსნიშნიანი ჰქონდა, მაგალითად სერიალ Suits-ში მონაწილეობისთვის. პრინც ჰარიც გამოიმუშავებდა გარკვეულ თანხას, მას ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც აქვს.

როგორც გამოცემა Independent-ი იტყობინება, სასექსის ჰერცოგინიას ქონება გათხოვებამდე 3,8 მილიონ ფუნტს შეადგენდა. იგი სერიალ Suits-ის ასზე მეტ ეპიზოდში მონაწილეობს. თითო ეპიზოდში კი მეგანი 37 000 ფუნტს გამოიმუშავებდა, მისი წლიური ანაზღაურება 333 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

გარდა ამისა, მეგან მარკლი რამდენიმე სხვა ფილმშიც მონაწილეობდა. 2010 წლის ფილმში Remember Me, მეგანმა 140 000 ფუნტი გამოიმუშავა, ფილმში The Candidate კი £130,0000.

გარდა სამსახიობო კარიერისა, მეგანს შემოსავალი ჰქონდა ასევე კანადური ტანსაცმლის ბრენდის Reitmans-სგან. ამასთან, მარკლი 2014-დან 2017 წლამდე აწარმოებდა ბლოგს ‘The Tig’, საიდანაც იგი წლის განმავლობაში 61 000 ფუნტ სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება პრინც ჰარის ქონებას, იგი დაახლოებით 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ისევე როგორც თავისი ძმის პრინც უილიამის ქონება. ჰარიმ ქონების უმეტესი ნაწილი დედისგან - პრინცესა დაიანასგან და ბებიის დედისგან, ელისაბედ ბოუზ-ლაიონისგან მიიღო. როგორც ცნობილია, დედოფალ ელისაბედის დედას 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჰქონდა ფონდში განთავსებული თავისი შვილთაშვილებისთვის. სწორედ მისგან პრინცმა ჰარიმ, ისევე როგორც უილიამმა 14-14 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა მიიღეს.

როგორც CNN-ი წერს, მეგანის და ჰარის კერძო, არაოფიციალური მოგზაურობების ხარჯებს ამ დრომდეც და მომავალშიც თავად წყვილი დაფარავს. მათი ოფიციალური ვიზიტები მომავალში კვლავ ე.წ სუვერენული გრანტიდან დაფინანსდება. ასევე მათ უსაფრთხოებაზე კვლავ ბრიტანეთის მთავრობა იზრუნებს, ვინაიდან წყვილი საერთაშორისო დონეზე დაცვის საჭიროების მქონედ მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები