144 ათასი ლარი ხელფასის სახით და უძრავი ქონება თბილისსა და მცხეთაში - ასეთია შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბოლო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ჩინოსანი არცერთ საბანკო ანგარიშს არ ფლობს. მათ შორის, არც სახელფასოს.
საქმე კი ის არის, რომ 2024 წლის აქციების შემდეგ, ალექსანდრე დარახველიძეს პირველ ეტაპზე სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ასევე, როგორც „პასუხისმგებელ პირს, მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე“, დარახველიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილე პირად საკუთრებაში ფლობს:
- ბინას თბილისში, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე (97,2 კვ.მ), რომელიც 2020 წელს 78 000 დოლარად აქვს შეძენილი;
- მიწის ნაკვეთს მცხეთაში, სოფელ მუხათწყაროში (532 კვ.მ) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას — შეძენილია 2019 წელს 12 000 დოლარად;
- მიწის ნაკვეთს ამბროლაურში, სოფელ სადმელში (22 500 კვ.მ).
რაც შეეხება მის მეუღლეს, რუსუდან კოხოძეს, იგი ფლობს 132,7 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, რომელიც 2022 წელს 70 000 დოლარად შეიძინა.
2025 წლის განმავლობაში ალექსანდრე დარახველიძემ და მისმა მეუღლემ ჯამურად 230 282 ლარის შემოსავალი მიიღეს:
ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე): 144 160 ლარი, რაც ნიშნავს, რომ მისი ხელფასი თვიურად 12 000 ლარს აღემატებოდა.
მისმა მეუღლეს, რუსუდან კოხოძეს კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე 72 035 ლარი აქვს მიღებული.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს დირექტორის პოსტზე კი (04.03.2025-მდე): 14 086 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში რუსუდან კოხოძეს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 22 160 ლარი ერიცხებოდა. დანარჩენ საბანკო ანგარიშებზე ოჯახის წევრებს მცირე მოცულობის ნაშთები ფიქსირდება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ფინანსური ვალდებულება. კერძოდ, რუსუდან კოხოძეს 2020 წელს აღებული აქვს 242 000 ლარის მოცულობის იპოთეკური სესხი, რომლის მომსახურებისთვისაც 2025 წელს გასავალმა 40 503 ლარი შეადგინა.
ალექსანდრე დარახველიძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ან ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ.




























