ანტონ ობოლაშვილი, რომელიც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრია და ის "ქართული ოცნების" დეპუტატი წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო. იქამდე ანტონ ობოლაშვილი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "გლობალფარმის" დირექტორის პოსტს იკავებდა. ანტონ ობოლაშვილი 2025 წლის 13 თებერვალს მოხვდა იმ პირების სიაში, რომელთა სანქცირებისკენაც ევროპარლამენტი ევროკომისიას და EU-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს.
კომპანია "გლობალფარმის" ანგარიშის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ანტონ ობოლაშვილია. "გლობალფარმის" 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 70.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 9.3 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიამ დამფუძნებელზე მოგება გასცა, რისთვისაც 800 ათასი ლარის მოგების გადასახადიც გადაიხადა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის კომპანია "გლობალფარმის" აქტივები 152.5 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანია 200-მდე მედიკამენტის იმპორტითა და დისტრიბუციით არის დაკავებული. ამასთან ერთად კომპანიის სხვა საქმიანობებია:
სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა
2014-2016 წლებში „გლობალფარმმა“ ააშენა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 170 ბინას, კომერციულ ფართებსა და ორსართულიან მიწისქვეშა პარკინგს. 2022 წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ბინები უკვე გაყიდული იყო, ხოლო კომერციული ფართების უმეტესობა კომპანიამ საკუთარი ბიზნესის გაფართოებისთვის შეინარჩუნა.
"გლობალფარმი" ჯგუფი და მისი შვილობილი კომპანიები
2010 წლიდან „გლობალფარმი“ გახდა ჯგუფის მშობელი კომპანია და დააფუძნა რამდენიმე შვილობილი ბიზნესი:
- „გლობალ რეალ ისთეით“ (2010) – უძრავი ქონების იჯარით გაცემა;
- „ველლ ჰაუზი“ (2016) – სარესტორნო მომსახურება;
- „ველლ ჰაუზ დეველოპმენტი“ (2017) – საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რეალიზაცია;
- „მონოგრაფი“ (2018) – სასტუმრო „მონოგრაფის“ ოპერირება (2022 წლის აგვისტოდან სასტუმროს აქტივები სხვა მხარეს მიაქირავა და ოპერირება შეწყვიტა);
- „სომინი“ (2018) – სარესტორნო მომსახურება.
- Laduree - კომპანია საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციით იყო დაკავებული.
ევროკავშირის მიერ დასახელებულ სასანქციო სიაში ანტონ ობოლაშვილის გარდა ასევე შედიან:
- ბიძინა ივანიშვილის მეუღლე - ეკატერინე ხვედელიძე;
- შვილები: უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი;
- ივანიშვილის ოჯახის წევრები - ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნათია თურნავა;
- იმედის მფლობელი, ბიზნესმენი - ირაკლი რუხაძე;
- ბიზნესმენი - ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი;
- ბიზნესმენი - სულხან პაპაშვილი;
- ბიზნესმენი - გიორგი კაპანაძე (რიჟა);
- პარლამენტარები და ბიზნესმენები - ილია წულაია, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე;
- ბიზნესმენი - თამაზ გაიაშვილი;
- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - კახა ბექაური;
- სუსის ხელმძღვანელი - გრიგოლ ლილუაშვილი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი;
- საზმაუს ხელმძღვანელის მოადგილე - ვასილ მაღლაფერიძე;
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე;
- მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე;
- ივანიშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც სხვადასხვა სანქციების სიაში პროპაგანდისტადაა მოხსენიებული - ლაშა ნაცვლიშვილი.
ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.




























