მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს დეკლარაციის მიხედვით ახალი შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი
22.04.26 13:39
1292

სულხან თამაზაშვილი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობას ხელმძღვანელობდა, გუშინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინა. ის გეკა გელაძეს ცვლის, რომელსაც თავის მხრივ სუსის უფროსად ნიშნავენ.

სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამდეც ეკავა ძალოვან სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის ბოლოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო 2021-2025 წლებში.

სულხან თამაზაშვილი 1983 წელსაა დაბადებული ქობულეთში. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. თამაზაშვილს ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს გასული წლის ნოემბრის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შეტანილი ინფორმაცია 2024 წელს ასახავს, როცა ჯერ კიდევ არ იყო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სულხან თამაზაშვილს 2017 და 2019 წლებში მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში 2 500 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 50%-საც ფლობს. მის მეუღლეს კი წავკისში მიღებული აქვს მემკვიდრეობით აგარაკი 2006 წელს.

2011 წელს კი თბილისში ნაყიდი აქვს 74 კვ.მ ბინა 50 000 ლარად.

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას სულხან თამაზაშვილს სახელფასო ბარათზე 5750 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს - 700 ლარი, ხოლო შვილს - გიორგი თამაზაშვილს - 450 ლარი.

რაც შეეხება ხელფასს, მას 2024 წლის განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მიღებული აქვს 105 206,28 ლარის ხელფასი. 2023 წელს კი აღებული ჰქონდა 98 892,02 ლარი ხელფასის სახით. მის მეუღლეს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს სპეციალისტად მუშაობს, 19 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე 5614 ლარი.

რაც შეეხება სესხს, მას 2023 წელს აღებული აქვს ათწლიანი სამომხმარებლო სესხი 60 000 ლარის ოდენობით, რომლის გასავალიც საანგარიშო პერიოდში 19993,69 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. კერძოდ, თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, ვახტანგ გომელაურთან ერთად. მას შემდეგ, სულხან თამაზაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები