"ოცნების" მთავრობაში თანამდებობის დატოვებიდან ზუსტად 6 თვეში, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა ჩხრეკა. ამის შესახებ 30 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, ხოლო პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩაატარეს დაკავებულ კობა გაბუნიას გარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთანაც - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ “ოცნების” მთავრობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა. ის 19 აპრილის ბრძანებით ამ თანამდებობაზე უკვე დანიშნულიც იყო. თუმცა, 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ის მთავრობიდან მიდიოდა.
სამთავრობო გუნდიდან წასვლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ "კავკასუს პრაიმ ბილდერსი" დააფუძნა. რეესტრის მიხედვით, ქარსელაძე ამ კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს და მისი 50%-იანი წილის მფლობელია. მისი პარტნიორია ბიზნესმენი დევი დუმბაძე, რომელიც ასევე 50%-ის წილის მფლობელია.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში - 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება მის ქონებას, ყოფილ მაღალჩინოსანს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, მინისტრის პოსტის დატოვებიდან ერთ თვეში აქვს შევსებული.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ქარსელაძის საკუთრებაშია ერთადერთი უძრავი ქონება - თბილისში, ეკატერინე ბაღდავაძის V ჩიხში მდებარე 549 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2017 წელს შეიძინა 100 000 დოლარად.
სხვადასხვა ბანკში მის ანგარიშებზე ჯამურად უფიქსირდება დაახლოებით 61 800 დოლარი და 1070 ლარი.
2024 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობაზე მიღებული ანაზღაურება 80 199 ლარია.
ამასთან, მის სახელზე ფიქსირდება 15-წლიანი იპოთეკური სესხი 247 500 დოლარის ოდენობით, რომლის გასავალიც გასულ წელს 7848,44 აშშ დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით ქარსელაძეს და მის მეუღლეს არ ჰყავთ ავტომობილი და არც ძვირფასი ნივთები მიუღიათ საჩუქრად. აღსანიშნავია, რომ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში, ქარსელაძეს მითითებული ჰქონდა, რომ მშობლებისგან საჩუქრად 80 000 აშშ დოლარი ჰქონდა მიღებული.




























