დავით სონღულაშვილი, რომელიც X მოწვევის პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარადგინა. დავით სონღულაშვილი დეპუტატის პოსტს 2016-2020 წლებშიც იკავებდა და გურჯაანის მაჟორიტარი იყო. როგორც ირაკლი კობახიძემ მინისტრობის ახალი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს, ქონებრივი დეკლარაცია ასეთია:
დავით სონღულაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს 70 ათას დოლარს და 15 ათას ლარს, საბანკო ანგარიშებზე კი 70 ათასი ლარი და 7 ათასი დოლარი აქვს განთავსებული. მიღებული ანაზღაურების სახით კი დავით სონღულაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 52,559 ლარს უთითებს.
უძრავი ქონების სახით დავით სონღულაშვილი დეკლარაციაში წერს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე 336 კვადრატული მეტრის ბინას, ასევე კოჯორში 600 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს და ტაბახმელაში 1,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს.
მსხვილი ხარჯებიდან კი სონღულაშვილი უთითებს შვილების სწავლის საფასურში გადახდილ 12 ათას ლარს.
დავით სონღულაშვილი დეკლარაციაში ასევე უთითებს რამდენიმე შპს-ს რომლებშიც ის მონაწილეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კომპანიების საქმიანობიდან მას გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. ეს კომპანიებია შპს ედრესი (59%); სი ემ სი ჯგუფი (33%); შპს ბეიბი ზუმი (100%); შპს დრაი ქლინინგ ჯორჯია (17%).
საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია.
პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტოვებენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მორიგი მინისტრი დავით სონღულაშვილი გახდება.
აღსანიშნია, რომ უკვე არსებული ინფორმაციით ახალი მთავრობის პირობებში სიახლე ის იქნება რომ კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტრო გამოეყოფა და ორ უწყებას ახალი მინისტრები ეყოლება. სპორტის მინისტრის პოსტს შალვა გოგოლაძე, ხოლო კულტურის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებენ. ახალი მთავრობა 13 უწყებით იქნება წარმოდგენილი.