გორის აწ უკვე ყოფილმა მერმა და "ქართული ოცნების" დელეგატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 15 ნოემბერს შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში გორის იმჟამინდელმა მერმა 6429 კვ.მ კომერციული ფართი შეიძინა, რომელშიც 185 500 ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ხინჩეგაშვილი ფლობს: გორში 2023 წელს $6 000 შეძენილ ავტოფარეხს, 2021 წელს შეძენილ 849 კვ.მ მიწას გორში (ღირებულება მითითებული არ არის); დეკლარაციის მიხედვით, 850 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 1 000 ლარად აქვს შეძენილი; 2017 წელს ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ჩუქებით მიიღო 39 კვ.მ ბინა; 2020 წელს $2 000 აქვს შეძენილი ბინა, რომლის ფართიც არ არის მითითებული; ასევე ფლობს გორის რაიონში შეძენილ 4 მიწის ნაკვეთს და 1 მემკვიდრეობით მიღებულ 8975 კვ.მ მიწას გორის რაიონ სოფელ ნადარბაზევში; ხინჩეგაშვილს 2012 წელს 108 000 დოლარად აქვს შეძენილი ბინა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, რომლის ფართიც 105 კვ.მ-ა; ოლიმპიელი ფლობს კიდევ ერთ, 2011 წელს შეძენილ 67,1 კვ.მ ბინას, გორში.
VOLVO T8-ში 2019 წელს ხინჩეგაშვილმა $19 000 გადაიხადა.
"თი–ბი–სი ბანკის" შემნახველ ანგარიშებზე დელეგატს დეკლარაციის შევსების მომენტში შემდეგი თანხა ჰქონდა: 2 501 ევრო, 16 664 ლარი და 2 501 დოლარი. სახელფასო ბარათზე 1 294 ლარი. ანაბარზე კი, 20 000 დოლარი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეკუთვნის შპს ფლოლეს ქონსთრაქშენს საქართველოს წილის 50%, შპს
ჩემპიონი საქართველოს წილის 34%, რომელიც მამუკა არევაძესა და გენო პეტრიაშვილთან [ოლიმპიური ჩემპიონი, "ქართული ოცნების" სიის მეათე] ერთად აქვს დაფუძნებული, შპს რეფრეში საქართველოს წილის 50% ასევე ხინჩეგაშვილის საკუთრებაა, ისევე ფლობს პს ლეგასი საქართველოს წილის 34%-ს.
2023 წელს, მერის თანამდებობაზე ხინჩეგაშილმა 54 965 ლარი მიიღო. ოლიმპიური ჩემპიონის სტიპენდიის სახით კი, თვეში 2 000 ლარს იღებდა.
ხინჩეგაშვილს მითითებული აქვს, რომ გასულ წელს ორჯერ აჩუქა დედას შემდეგი თანხა: 4 500 და 3 500 ლარი.
გორის ყოფილი მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.