ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მურვანიძე დანიშვნამდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.
უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია მურვანიძემ 2025 წლის აპრილში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, მისი ძირითადი ქონება თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 600 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს მოიცავს, რომელიც 2017 წელს 122 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე ფლობს 25%-იან წილს კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარე 4 315 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შეძენილი 1 200 დოლარად.
2024 წელს მურვანიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის პოზიციიდან 96,248 ლარი მიიღო, ამასთან, მურვანიძე ასწავლის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ანაზღაურების სახით 4,655 ლარი მიიღო. მურვანიძე დეკლარაციაში ასევე უთითებს მისი მეუღლის ანაზღაურებას შპს გაგუას კლინიკაში 27 ათასი ლარის ოდენობით.
დეკლარაციის თანახმად, მურვანიძეს აქვს 150 ათასი ლარის საბანკო კრედიტი, ასევე 140 ათასი ლარის სესხი, რომელიც ფიზიკური პირისგან მიიღო. დეკლარაციაში აღნიშნული ფიზიკური პირის ვინაობა მითითებული არაა.




























