ლაშა აბაშიძე საქართველოს რკინიგზას 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. მან ამ თანამდებობაზე დავით ფერაძე ჩაანაცვლა, რომელსაც 2026 წლის ივლისში კორუფციისთვის, კერძოდ კი რკინიგზის კუთვნილი შავი მეტალის ჯართში ჩაბარებისთვის და მილიონობით ლარის უკანონოდ დასაკუთრებისთვის ბრალი წარედგინა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლაშა აბაშიძემ 2025 წელს მაისი-დეკემბრის პერიოდში ანაზღაურების სახით ჯამურად 102 ათასი ლარი მიიღო. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, რკინიგზის დირექტორს თითქმის არ მიუღია ანაზღაურება რკინიგზის ორი შვილობილი კომპანიიდან, რომლებიდანაც რკინიგზის წინა დირექტორი იღებდა ანაზღაურებას. უფრო დეტალურად, რკინიგზის წინა ხელმძღვანელი წლიურად 238,741 ლარის ანაზღაურებას იღებდა, აქედან 164,157 ლარი უშუალოდ რკინიგზიდან, 37,054 ლარი რკინიგზის შვილობილი კომპანია ჯიარ ტრანზიტ ლაინიდან, ხოლო 37,530 ლარი კი რკინიგზის კიდევ ერთი შვილობილიდან, ჯიარ ტრანზიტიდან იყო მიღებული.
ლაშა აბაშიძემ კი უშუალოდ რკინიგზიდან 101,637 ლარის ანაზღაურება მიიღო, ხოლო ჯიარ ტრანზიტ ლაინიდან ანაზღაურება არ მიუღია, ჯიარ ტრანზიტიდან კი მხოლოდ 823 ლარი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე სავარაუდოდ რკინიგზის ახალი დირექტორის ჯამური ანაზღაურება შემცირებულია.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლაშა აბაშიძის საკუთრებაშია თბილისში, ვაზისუბნის ქუჩაზე მდებარე 436 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. მისი მეუღლის, ნატალია მეძმარიაშვილის საკუთრებაშია ბეთანიის დასახლებაში 589 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 602 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი, ასევე ორი ბინა ლიზიკო ქავთარაძის ქუჩაზე, ფართობებით 60.5 და 150.2 კვადრატული მეტრი.
მოძრავი ქონებიდან ლაშა აბაშიძე ფლობს 2016 წლის Land Rover-სა და Volvo S90-ს. დეკლარაციის მიხედვით, მას საბანკო დეპოზიტზე 135 ათასი აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში დაახლოებით 53.4 ათასი ლარი აქვს. მის მეუღლეს მიმდინარე ანგარიშზე 104 ლარი უფიქსირდება.
























