პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ორგზის, მეხცრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, გია ბენაშვილი აირჩიეს.
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტს გია ბენაშვილის კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შემდეგ, ირაკლი ბერაიას პოსტი მისმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა და სწორედ ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა გია ბენაშვილმა. ის ერთ-ერთია 84 დეპუტატს შორის, რომელმაც "რუსულ კანონს" სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
დეპუტატის მიერ 2024 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბენაშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი სრულწლოვანი შვილი. მის საკუთრებაში უძრავი ქონებიდან მხოლოდ 2 მიწის ნაკვეთია, რომელიც სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში აქვს. მიწის ერთი ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო, მეორე კი 1 000 დოლარად შეიძინა 2019 წელს.
მეუღლე, დარეჯან სელემაშვილი ფლობს 150 კვ.მ ბინას თბილისში ნინო რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს 112 950 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე, 8 200 აშშ დოლარად აქვს შეძენილი 2022 წელს ავტოფარეხი იგივე მისამართზე. მისივე საკუთრებაა 2005 წელს ალექსიძის ქუჩაზე 27 300 დოლარად შეძენილი 182 კვ.მ ბინა ავტოფარეხით, რომელშიც 2 700 დოლარი გადაიხადა. ბენაშვილის მეუღლე ფლობს ვაზისუბანში მემკვიდრეობით მიღებული ბინის 33%-საც.
გია ბენაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით სახლში შენახული ჰქონდა 22 300 დოლარი და 12 000 ლარი. დარეჯან სელემაშვილს კი, 10 000 დოლარი და 10 500 ლარი.
დეპუტატს სახელფასო სარგოს სახით გასულ წელს 49 071 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ზეპირი შეთანხმების სანაცვლოდ მეგობარზე გასესხებული 50 000 დოლარისთვის ბენაშვილმა 7 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.
ბენაშვილს ასევე დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ შვილს 12 000 დოლარი ასესხა, საიდანაც გასულ წელს 4 500 დოლარი და 22 100 ლარი გასულ წელსვე უკან დაუბრუნა. ასევე, შვილის თხოვნით შვილის უცხოელ მეგობარს ასესხა 6 000 დოლარი, რომელიც ასევე გასულ წელს დაუბრუნეს.
2023 წელს, გია ბენაშვილის მეუღლეს დედამ 3 000 ლარი აჩუქა. დეპუტატის შვილს კი, დეიდამ 2 000 ლარი.