მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებით დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა?

დავით გაბაიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღეს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტი მან 30 იანვარს ჩააბარა და ის ყოფილი მაღალჩინოსნის 2025 წლის შემოსავლებსა და გასავლებს ასახავს.

დავით გაბაიძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ბათუმში, ფლობს 104.4 კვ.მ-ის ბინას, რომელიც იპოთეკური სესხით 2020 წელს 30 000 დოლარად შეიძინა.

2025 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მან 119 731 ლარის ხელფასი მიიღო. ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ აქედან ხელზე 113 825 ლარი აქვს აღებული. გასული წლის განმავლობაში დავით გაბაიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სრული პროფესორადაც მუშაობდა და ხელფასის სახით სულ 3 569 ლარი აქვს აღებული.

მისი ცოლი ნათია დიასამიძე კი სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტში“ იურისკონსულტის პოზიციაზე მუშაობდა და ხელფასის სახით 20 946 ლარი აქვს მიღებული.

დავით გაბაიძე კომპანია „გაბაიძე და პარტნიორების“ 25%-იანი წილის მფლობელია, რომელიც მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული.

ამასთან, მისმა ცოლმა 2025 წელს Chevrolet Cruze 4000 დოლარად გაყიდა.

ცნობისთვის, სპეციალობით სამართალმცოდნე დავით გაბაიძემ 31 მარტს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რომელსაც ის 2024 წლიდან იკავებდა. გადადგომის შემდეგ მან Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოჯახის წევრებს მადლობას უხდიდა: "თითქმის ათი წლის შემდეგ ვასრულებ იმ გზას და ვტოვებ იმ პასუხისმგებლობას, რომელმაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრა — ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას.ეს წლები ჩემთვის იყო არა მხოლოდ სამსახური, არამედ გზა — რთული, საპასუხისმგებლო, ხანდახან მძიმე, მაგრამ ყოველთვის საპატიო და ღირსეული. ეს წლები იყო გზა მუდმივი ბალანსის ძიებაში, რასაც ვხედავდი სასურველად და რასაც მაძლევდა შესაძლებლობა. ამ გზაზე შესაძლებლობის ფარგლებში თავი არ დამიზოგავს. ვცდილობდი, ყოველი გადაწყვეტილება ყოფილიყო მაქსიმალურად ახლოს იმასთან, რაც სწორად მიმაჩნდა — მაშინაც კი, როცა რეალობა სხვაგვარ საზღვრებს მიწესებდა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ემოციური ფონი, ვცდილობდი, შემენარჩუნებინა ბალანსი და კორექტულობა ყველას მიმართ — მათ შორის მაშინაც, როცა ეს კორექტულობა ყოველთვის არ მხვდებოდა საპასუხოდ. მჯერა, რომ სწორედ ასეთ პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილი პოლიტიკური კულტურა".



დავით გაბაიძის კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცილება აქვს.

ბიოგრაფია:

2024 წლიდან - 2026 წლის 30 მარტი - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

2020-2024 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

2022-დღემდე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პროფესორი

2016-2020 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

04.2014-2016 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი

03.2013-04.2014 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

12.2012-03.2013 წწ.- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

05.2012-04.2014 წწ. - შპს ,,მომავლის სახლი“, იურისტი

08.2010-12.2012 წწ. - შპს ,,გაბაიძე და პარტნიორები“; პარტნიორი, ადვოკატი

2002-2012 წწ.- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი

11.2007- 12.2012 წწ. - დავით გაბაიძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი

03.2011-04.2012 წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული კლინიკის კოორდინატორი

2009-2011 წწ. - შპს ,,გიგერო“, იურისტი

2007–2009 წწ. - ერთობლივი საქმიანობის – ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გორგასალი74“, იურისტი

05.2006–11.2007 წწ. - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთ. სპეციალისტი

2005–2006 წწ. - სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკის“ იურიდიული განყოფილების უფროსი

2004–2005 წწ. - შპს ,,ნორმა“, ადვოკატი

2002-2004 წწ. - ხულოს რაიონული საკრებულოს წევრი

2002-2004 წწ. - ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლა, უფროსი მასწავლებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები