"ოცნების" პარლამენტმა გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ დავით დოლიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 2 ივლისს 74 ხმით მიიღო.
ის მანამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა დედაქალაქის სტრუქტურებში, მათ შორის — შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე.
გივი მიქანაძე, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრი გახდა.
BM.GE დაინტერესდა, რა ქონებით წავიდა მერიიდან საკანონმდებლო ორგანოში დავით დოლიძე.
დოლიძემ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე დეკლარაცია 2025 წლის 19 თებერვალს შეავსო. რომელშიც უთითებს, რომ ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი.
უძრავი ქონება
დოლიძე ფლობს 604 კვ.მ მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ჩუქებით მიიღო. მის მეუღლეს, სოფიო კობიძეს, ეკუთვნის ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც 2022 წელს 114,000 აშშ დოლარად შეიძინა.
მოძრავი ქონება
კობიძის მფლობელობაშია Nissan Kicks-ის მარკის ავტომობილი, რომელიც აშშ-ის აუქციონზე შეიძინა 2023 წლის სექტემბერში 8,628 დოლარად.
ბანკში შენატანები და ანგარიშები
დავით დოლიძის სახელზე, საქართველოს ბანკში, არსებულ სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამურად ინახება 6,208 ლარი. მეუღლეს სოფიო კობიძეს TBC და საქართველოს ბანკში საერთო ჯამში აქვს დაახლოებით 2,700 ლარის ოდენობის თანხა. დოლიძეს ასევე აქვს 1,789 ლარის მოცულობის საკრედიტო დავალიანება.
სამეწარმეო საქმიანობა და შემოსავლები დოლიძე ფლობს წილებს ორ კომპანიაში:
- შპს „ურბან ქონსთრაქშენ სერვისში“ ფლობს 25%-ს და 2024 წელს მიიღო 5,882 ლარი;
- შპს „ურბან სერვისში“ ფლობს 50%-ს და მიიღო 7,658 ლარი.
ხელფასი
2024 წელს დირექტორის თანამდებობაზე მისი წლიური შემოსავალი სოციალური მზრუნველობის სააგენტოდან შეადგინა 61,352 ლარი.
საჩუქრები
დეკლარაციაში მითითებულია, რომ დოლიძემ მეგობრის ბექა ბერაძისგა საჩუქრად მიიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი (ღირებულება: 610 ლარი), ხოლო მეუღლემ, სოფიო კობიძემ, დედისგან ნანა ტაბაღუასგან 40,000 დოლარი.
შემოსავლები/გასავლები
დეკლარაციაში დამატებით მითითებულია, რომ დოლიძემ 2024 წელს სარემონტო სამუშაოებზე დახარჯა 15,000 დოლარი, ხოლო სოფიო კობიძემ ავტომობილი 7,000 დოლარად გაყიდა.




























