მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებით მიდის მინისტრთა კაბინეტიდან კერძო სექტორში გიორგი ამილახვარი? - დეკლარაცია

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა გუშინ, 28 სექტემბერს დატოვა.

როგორც უკვე ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო".

ამილახვარს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის თებერვალში აქვს შევსებული. დოკუნმენტის მიხედვით, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი.

ამილახვარს ეკუთვნის თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე 132 კვ.მ ბინა, რომელიც 2006 წელს ჩუქების გზით მიიღო. იმავე მისამართზე 145.7 კვ.მ მანსარდი ასევე აჩუქეს და 31. 9 კვ.მ სარდაფი. მისი საკუთრებაა 76.9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2018 წელს 30 000 დოლარად შეიძინა. 2021 წელს უკვე დეპუტატ ამილახვარს შეძენილი აქვს 2314 კვ.მ მიწის ნაკვეთი 798 000 ლარად შინდისში. ასევე ფლობს 50 კვ.მ დამხმარე ნაგებობის 25%-ს თბილისში ლეონიძის ქუჩაზე, რომელშიც 2018 წელს 5000 ლარი გადაიხადა. თანამესაკუთრეები კი ალექსანდრე ნორაკიძე, გიორგი ჩუმაშვილი და გიორგი მუშკუდიანი არიან.

რაც შეეხება მეუღლეს. ნინო წერეთელი ეკუთვნის ამაღლების ქუჩაზე 197 კვ.მ ბინა, რომელიც 2011 წელს 500 000 ლარად შეიძინა. იმავე წელს და იმავე მისამართზე 10 000 ლარად შეძენილი აქვს 10. 31 კვ.მ დამხმარე ფართი და 25 კვ. მ ავტოფარეხი, რომელშიც 15 000 ლარი გადაიხადა. წერეთელი ფლობს კიდევ ერთ ავტოფარეხს ამაღლების ქუჩაზევე.

რაც შეეხება სხვა ქონებას, 2019 წელს ამილახვარმა 76 000 ევროდ შეიძინა Mercedes GLE 450. ასევე სხვადასხვა წლებში შეძენილი აქვს საათები 25 000 ლარად და 9 700 ევროდ, რომლების ბრენდი და სერია მითითებული არ არის. ამილახვარი მეუღლესთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს როიალს, ანტიკვარულ ავეჯს საათით, რომელიც აჩუქეს 2003 წელს. 2017 წელს კი, მეუღლესთან ერთად ანტონ ფურცელაძის ორი ფერწერული ტილო 28 000 ლარად შეიძინა. ფერწერული ტილოების ავტორი 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, 2024 წელს კი, აღარ გვხვდება.

ნინო წერეთელს სხვადასხვა წლებში შეძენილი აქვს ორი საათი 22 000 ლარად და 4 900 ევროდ. ასევე, ოქროს ბეჭედი 3 200 ევროდ და ბეჭედი, საყურეები და ყელსაბამი 47 000 ლარად.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ამილახვარს დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 4 870 ლარი და 419 დოლარი ჰქონდა. ნინო წერეთელს 15 004 ლარი. ასევე სხვადასხვა ანგარიშებზე მცირე თანხა. რიგ შემთხვევებში რამდენიმე ლარი. პროკრედიტ ბანკში, 2 საბავშვო ანაბარზე დარიცხული თანხაა: 37 870 აშშ დოლარი და 18 311 აშშ დოლარი.

ნინო წერეთელს, ნაღდი ფულის სახით დანაზოგი 50 000 დოლარი და 80 000 ლარი აქვს მითითებული.

კერძო სექტორში დაბრუნებულ ყოფილ მინისტრს დეკლარაციაში 2 კომპანიის წილის ფლობა აქვს მითითებული. შპს ნიმი1 საქართველო და შპს ნიმი 2 საქართველოს, საიდანაც გასულ წელს ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

ნინო წერეთელი შპს თოუ დეველოპმენტის 100%-იანი წილის მფლობელია, საიდანაც 2023 წელს 681 580 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. . იმავე კომპანიის დირექტორის პოზიციიდან კი ხელფასის სახით 120 000 ლარი მიიღო. შემოსავლის სახით 96 000 ლარი მიიღო ნინო წერეთელმა შპს ნიმი საქართველოდან, სადაც მფლობელი ზაურ ამილახვარია. რაც შეეხება ნიმი1-ს, რომელსაც მეუღლესთან, გიორგი ამილახვართან ერთად ფლობს, შემოსავლის სახით 2023 წელს 33 000 ლარი აქვს მიღებული. ნიმი 2-დან კი, სადაც თანამფლობელი ასევე ყოფილი მინისტრია, წლიურად 53 000.

ოჯახს უძრავი ქონების გაქირავებით 1 წელში 17 722 ლარი აქვს მიღებული. მინისტრის პოზიციაზე მიღებულმა სახელფასო სარგომ კი, 57 617 ლარი შეადგინა. სანამ მინისტრი გახდებოდა, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საკანონმდებლო ორგანოში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიღებულმა შემოსავალმა 10 796 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ნინო წერეთელმა ერთი შვილის სწავლაში 25 000ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე შვილის განათლებაში $5 900. სახლის მშენებლობისთვის წერეთლის წლიურმა გასავალმა 550 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საზღვარგარეთ მოგზაურობას, ამილახვარს 2023 წელს 20 000 ლარი აქვს დახარჯული, მის მეუღლეს კი, 30 000 ლარი. ტანსაცმლის შეძენაში ნინო წერეთელმა და გიორგი ამილახვარმა 1 წელში 20 000 ლარი დახარჯეს, ხოლო აქსესუარებში მხოლოდ წერეთლის ხარჯმა 9 700 ევრო შეადგინა. ნინო წერეთელს 2023 წელს პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს და დააბრუნა 14 945 ევრო. პირადი კომპიუტერის შესაძენად გადაიხადა 5 926 ლარი, სარეცხის მანქანაში კი, 7 680 ლარი.

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა. მაშინ მან თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები