„ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტი; ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება“ - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელ გრიგოლ კაკაურიძის მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე გაცემული და შემდეგ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გაუქმებული ნებართვის ანაკლიის პორტის პროექტზე შესაძლო უარყოფით გავლენას შეეხებოდა.
„ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტი; ანაკლიის პროცესი ვერ დაზარალდება. ჩვენ ვუდგავართ პროექტს მხარში; ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და ბანკებთან. სხვათა შორის, ამ შემთხვევის შემდეგაც გვქონდა მოლაპარაკება ბანკებთან. არანაირი გადაჭარბებული რეაქცია ბანკების მხრიდან ამ საკითხზე არ არის; არადა ეს არის ფინანსური პაკეტის შეკვრის მთავარი წყარო.
იყო ძალიან გადაჭარბებული მყისიერი რეაქცია ინვესტორის მხრიდან და შენიშვნაც კი იყო ჩვენი მხრიდან, რომ სჯობს ფოკუსირებული იყოს იმ ამოცანებზე, არც ახლა უდგას და ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანებია, რომ დროულად შეკრას ფინანსური პაკეტი და წინ წავიდეთ პროექტში, მაგრამ როგორც ჩანს, ინვესტორიც მიხვდა, რომ მართლაც არ არის ეს ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ხმაურის ატეხვა და პირიქით, დააზარალებდა ანაკლის პროექტს“, - განაცხადა მინისტრმა.

























