მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გაფართოებული მანდატით საქმიანობს.
„ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია, თუმცა მარეგულირებელს 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. გარდა ამისა, სააგენტო წლის განმავლობაში არა ერთხელ, არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია.
ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაზეც კლინიკები მიუთითებენ, შემმოწმებლის მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკია. ამაზე საუბრობს რედაქტ2-თან ინტერვიუში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძეც.
„გარკვეულწილად, ხელისუფლებამ გაითვალისწინა შენიშვნები, სასამართლოში მაინც უწევს ამ გადაწყვეტილებას დამტკიცება, თუმცა ის, რომ დაუგეგმავად შეუძლია შევიდეს და დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას, ეს დარჩა. ეს არის გარკვეულწილად გარკვეული რისკების მატარებელი. ყველაზე მთავარი რისკი არის, სუბიექტური გადაწყვეტილებების დაშვება. თუ გარკვეული სუბიექტივიზმი შეინიშნა ასეთ გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩათვალეთ წყალს აქვს წაღებული მთელი რიგი დადებითი მხარეები.
ცხადია, ეს გადაწყვეტილებები ჰაერიდან არ იქნა მოტანილი, გარკვეულწილად ზოგიერთი კლინიკაც სცოდავდა, სწორედ ამიტომ იქნა ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ ბუნებრივია ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ არის მართებული. არის საკმაოდ დიდ რაოდენობა კლინიკების, რომლებიც ძალიან წესიერად უდგებიან თავიანთ საქმიანობას და მათთვის რა თქმა უნდა მტკივნეულია.
მოდით ძალიან უტრირება მოვახდინოთ საკითხის და წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ ვართ მორიგეები, რეანიმაციაში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული არიან უმძიმესი პაციენტები. შეიძლება შემმოწმებელმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადალახოს რაღაც რაღაცები, შევიდეს, მივიდეს იქ, სადაც განსაკუთრებული წესებია. ამის რაღაც შემზღუდავს, ვერ ვხედავ კანონმდებლობაში.
თუ სუბიექტივიზმი არ იქნება, მაშინ შეიძლება თანამშრომლობა“,-აცხადებს ზაზა სოფრომაძე.