იურისტების ნაწილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაში გარკვეულ რისკებს ხედავს.
“ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ქვეყნის დატოვება უვადოდ აეკრძალება, თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის მიმართულების ანალიტიკოსმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ დაზარალებულთა ინტერესების დაცვის მოტივით დაჩქარებული წესით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა, პრაქტიკაში არაერთი გამოწვევა შექმნას.
ფატი ჩაფიჩაძის თქმით, ასევე ჩნდება კითხვა, რამდენად ლეგიტიმურია დაზარალებულთა ინტერესების დაცვის მოტივით, ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებული პირისთვის ქვეყნის დატოვების სამუდამოდ აკრძალვა. საიაში აცხადებენ, რომ მიღებული ცვლილებები დაუსაბუთებელია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა, ის კონკრეტული პირების მიმართ იყოს გამოყენებული.
“სექტემბერში მიიღეს ცვლილებები ამ მიმართულებით [ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით] ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა და კიდევ საჭირო გახდა უკვე მიღებულ კანონში დამატებითი ცვლილებების შეტანა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტი არ არის ორიენტირებული მიღებული კანონები იყოს შინაარსობრივად გამართული და შინაარსზე ორიენტირებული. ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ზოგადად ამ ცვლილებების განხორციელება, რადგან ჩვენ ძველი სისხლის სამართლის პროცესში გვქონდა ასეთი აღრევა სამოქალაქო და სისხლის სამართლის და ამის შემდეგ სახელმწიფომ უარი თქვა და გაიმიჯნა სისხლის სამართალი და სამოქალაქო სამართალი. ახლა ისევ ხდება სამოქალაქო სამართლის ელემენტების სისხლის სამართლის პროცესში დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, არ მგონია, რომ რაიმე კარგი შედეგის მომტანი იყოს.
თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ეფექტიანად განახორციელოს თავისი მექანიზმები, მას შეუძლია, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება აწარმოოს, სწრაფი მართლმსაჯულება განახორციელოს და შემდეგ დაზარალებულს მიეცეს შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო წესით იდავოს ზიანის ანაზღაურებაზე. რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, არის ყოვლად გაუგონარი და აბსურდული და ამას საერთაშორისო დონეზე ალბათ აუცილებლად ექნება თავის რაღაც ნეგატიური გამოხმაურება.
რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ამას უნდა გააჩნდეს მკაცრად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი და აი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ მიზნად კონკრეტული პირისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლისთვისაც ადამიანმა სასჯელი მოიხადა, შეიძლება ნასამართლეობაც კი გაუქარწყლდეს, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება ფიზიკურად ვერ ახერხებდეს მატერიალური მდგომარეობის გამო ამ ზიანის ანაზღაურებას, მას არ ეძლეოდეს ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობა.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს ცვლილებები შეიძლება შეიფუთოს ისე, რომ თითქოს დაზარალებული პირების ინტერესებს იცავენ. რეალურად, ჩვენ ვაწყდებით ხოლმე სხვა შემთხვევებშიც, როცა დაზარალებულის წარმომადგენლები, გარკვეულწილად ბრალდებულის წარმომადგენლები გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენენ დაზარალებულზე, რომ მან რაღაც ნოტარიულად დამოწმებული პრეტენზიის არქონის შესახებ დოკუმენტი მიიტანოს. ჩემი აზრით, ეს ამ მიმართულებითაც დამატებით რისკებს შეიცავს, იმიტომ, რომ შეიძლება დაზარალებული პირები დაექვემდებარონ ბრალდებულების მხრიდან რაღაც დამატებით წნეხს იმის გამო, რომ მათ უარი თქვან ამ კომპენსაციის მიღებაზე. ამან შეიძლება ეს ურთიერთობები საერთოდ გაიყვანოს სამართალს მიღმა ურთიერთობებში”, - განაცხადა ფატი ჩაფიჩაძემ.




























