საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დანიშნა. მისი მთავარი მოვალეობა ტრანზაქციების დონეზ საინვესტიცო რისკების კონტროლი იქნება. რისკების კონტროლის პროცედურებზე სააგენტო ამ ეტაპზე მუშაობს.
რა რისკებთან მოუწევს სააგენტოს გამკლავება, ამის შესახებ BM.GE PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსს გიორგი პაპავას ესაუბრა.
"რამდენიმე მთავარი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის მომავალი წლების განმავლობაში. ერთი არის ამ სახელმწიფოს მიერ ნასესხები ფინანსური რესურსები - თეორიულად, ფინანსური კრიზისის არსებობის შემთხვევაში, რამდენად კეთილსინდისიერად მოხდება სახელმიფოს მიერ ამ რესურსების გამოყენება და ამ კუთხით შეიძლება, არსებობდეს ერთი რისკი.
მეორე, უფრო დილემასავით ექნება საპენსიო სააგენტოს ის, თუ ამ ფინანსური რესურსის რა წილი დააბანდოს ქვეყნის გარეთ, რადგან ერთის მხრივ, ეს უფრო ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამავდროულად ეს ვეღარ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ანუ დასაბალანსებელია თვითონ პორტფელის რისკიანობა.
უკვე ხუთი წლის თავზე და შემდეგ, როდესაც შემოდის დივერსიფიცირების საშუალება ნაკლებადრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში, აქაც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება მეტი კომუნიკაცია ხალხთან, რას ნიშნავს ზოგადად მაღალრისკიანი, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ფინანსური განათლება იმდენი, რომ რიგითმა დასაქმებულმა ადამიანმა სწორად განსაზღვროს, რა რისკები შეიძლება იყოს პირობითად, 12%-ში პორტფელის დაბანდებასა და 5%-ს შორის. შეიძლება ვიღაც ზედმეტად მოხიბლოს მაღალმა სარგებელმა და მომავალში, თუ რისკები ნეგატიური კუთხით რეალიზდა, ამან მოგვცეს ის შედეგი, რომ სოციალური აღელვება იყოს ამ დამგროვებლებს შორის", - მიიჩნევს გიორგი პაპავა.
საპენსიო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირება რამდენიმე თვეში დაიწყება.

























