მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი ითამაშეს მილსადენებმა 2008 წლის ომის დროს?

5edbab55a7eee
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.20 20:46
1452
საქართველოს უსაფრთხოებაში ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, - ასე აფასებს საქართველოსთვის რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი.

როგორც Forbes Talk-ში საუბრისას მამუკა წერეთელმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების დაზიანებას ერიდებოდა.

„საქართველოს უსაფრთხოებაში ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, როგორც ენერგოუსაფრთოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომ აღარ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებულები, 2008 წლის ომს რომ შეხედოთ - რუსეთი ცდილობდა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების გვედრის ავლას, იმიტომ რომ მაშინ ამოცანა იყო რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო სხვა მასშტაბებში. ვიცით რომ ინფრასტრუქტურის ელემენტები დაიბომბა ფოთშიც და მათ შორის რკინიგზა... ძალიან ბევრი ცუდი რაღაც გააკეთეს იმ პერიოდში, რაც სამხედროს გარდა ეკონომიკური ინსტალაციების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ამიტომ გარკვეულად, რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უფრო მეტი ინტერესი იქნება ჩართული არამარტო აშშ-დან, ევროპიდან, თურქეთიდან თუ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, თუ იქნება ინდოეთის, იაპონიის, ჩინეთის ინტერესები, ეს დააბალანსებს, განსაკუთრებით როდესაც გყავს ასეთი დიდი მეზობელი, რომელსაც ამ მასშტაბის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ქვეყანაზე, ასეთ თანამშრომლობას ასეთ ქვეყნებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მამუკა წერეთელმა.

AGBC-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ნავთობ და გაზსადენების გარდა სხვა სახის გადაზიდვები აქტიურდება და საქართველომ უნდა შეძლოს ამ ჯაჭვში თავისი ადგილის მოძებნა.

„დღეს ნავთობსადენები და გაზსადნები რჩება აქტუალური, მაგრამ ეს არ არის მარტო ერთი თემა, შემოდის სხვა თემები, როდესაც სხვა ტიპის ტვირთებზე ხდება ორიენტაცია, ზოგადად გადაზიდვებზე, ევროპა აზიის დამაკავშირებელ ხიდად გადაქცევაზე, რომელშიც შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ დომინანტი ამ სავაჭრო ურთიერთობებში, მაგრამ ვიყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტიური ჯაჭვის ნაწილი“, - აღნიშნა მან.

გიორგი ისაკაძის კითხვაზე გულისხმობს თუ არა ის რომ „შეიძლება ვიყოთ“ ამ პროცესების თანამონაწილეები, მამუკა წერეთელი პასუხობს: „ნელ-ნელა ვხდებით ჩვენ, შევდივართ ამ როლში. რაღაც როლს უკვე ვთამაშობთ განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, მაგრამ უფრო დიდ სურათში ჯერ კიდევ ჩამჯდრები არ ვართ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები