მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა როლს ასრულებს ავტომობილების ასაკობრივი შეზღუდვა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და საცობების შემცირებაში? - "ჩემი ქალაქი მკლავს" პოზიცია

გამონაბოლქვი

"თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები ავტოტრანსპორტი და სამშენებლო სექტორია, თუმცა რუსთავში მთავარი პრობლემა ქარხნებია, მარნეულში - ფოთლის წვა,“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტოტრანსპორტი დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა, ექვსწლიანი ავტომობილების შეზღუდვა ამ პრობლემებს ვერც თბილისში გადაწყვეტს, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამშენებლო სექტორის კონტროლი, ტექინსპექტირების გაუმჯობესება და ქალაქის გამწვანება.

„თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია ავტოტრანსპორტი და სამშენებლო სექტორი. სხვადასხვა ქალაქში მიზეზები განსხვავებულია — მაგალითად, რუსთავში მთავარი პრობლემა ქარხნებია, მარნეულში კი ფოთლისა და ბალახის წვა. სწორედ ამიტომ ჰაერის ხარისხის საკითხებს მკაცრად უნდა განიხილავდნენ ქალაქის კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე.

დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს (2024–2026 წლებისთვის), და მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ინფორმაცია, რამდენი პროცენტი შესრულდა. ასევე, ტექინსპექტირების სისტემა იძლევა შესაძლებლობას ავტომობილების გამონაბოლქვი და დარღვევები შეამოწმონ, რაც ერთგვარად მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და საცობების პრობლემა დაკავშირებულია ქალაქის ინფრასტრუქტურასთან, ქაოტურ განაშენიანებასთან და არასაკმარისად ეფექტურ კონტროლთან. არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები, ქვეითების კანონის დარღვევები, ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის არასრული დანერგვა — ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის საცობებს. მე 2021-წლიან ავტომობილს ვიყიდი თუ 2019-წლიანს ვიხმარ დიდხანს, ეს საცობის პრობლემას არ მოაგვარებს.

რაც შეეხება სტანდარტებს: ევრო 5-ის სტანდარტი თუ სწორად მახსოვს 2009-დან 2011 წლამდეა, მაგრამ დღეს შეზღუდვა გვაქვს და 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილს ისედაც ვერ ჩამოვიყვანთ, ნუ, რეტრო ავტომობილებზე არ არის საუბარი. ხოლო ევრო 6-ის სტანდარტი, როგორც ვიცი, 2015 წლიდან არის დანერგილი და ლოგიკური იქნებოდა მსგავსი აკრძალვა მიგვეღო ახლაც. ეს ექვსი წელი გაუგებარია ამ ეტაპზე რასთან არის კავშირში,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები