SMH Global-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ასამაღლებლად და საექსპორტოდ, საუკეთესო პროდუქტი სპორტია - ამის შესახებ მაჭავარიანმა BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
"იმისთვის, რომ სპორტი განვითარდეს, სპორტული ცხოვრების კულტურა უნდა განვითარდეს - ამისთვის, რაც მეტი საშუალება იქნება სპორტის როგორც ყურების, მოსმენის, სპორტით დაკავების, ცნობადი სპორტსმენების მოსმენის, რაც მეტი კუთხიდან იქნება სპორტი ადამიანის ცნობიერებაში, იგივე პროპორციით განვითარდება სპორტი ქვეყანაში.
მით უმეტეს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, სპორტი ძალიან მაგარი საექსპორტო პროდუქტი და N1 საშუალებაა, რომ ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს. ვესწრებოდი მერაბ დვალიშვილის ჩხუბს ლას-ვეგასში და ლას-ვეგასი, რომელიც მსოფლიოს გართობის დედაქალაქია, საქართველოს დროშით იყო გადაჯერებული. იგივე, კვარამ რაც გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა რომ დაიწყეს მასზე წერა, ცნობადობა ისე გაიზარდა, როგორც 50 მილიონი დოლარი რომ დაგეხარჯა მარკეტინგში", - ამბობს SMH Global-ის დამფუძნებელი.
კითხვაზე, როგორ იყენებს საქართველო ბოლო პერიოდში გაჩენილ მომენტუმს და, წარმატებული ქართველი სპორტსმენების საშუალებით, ქვეყნის პოპულარიზაციას ახდენს, მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია.
"მომენტუმს ცუდად არ ვიყენებთ, თუმცა, იმხელა პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს, რომ არის სივრცე, უკეთესადაც გამოიყენებოდეს ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ მამარდაშვილი ინგლისში წავიდა, ესპანეთში ილია თოფურია გვყავს, მარტივად რომ ავიღოთ, 5-6 ქვეყანაა ისეთი, სადაც ჩვენი სპორტსმენების დახმარებით და საშუალებით, მასობრივად შეგვიძლია გავშალოთ მარკეტინგი, თავად სპორტსმენებიც არიან მოტივირებული, რომ ქვეყანას დაეხმარონ. ძალიან დიდი პოტენციალია და ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება", - ამბობს ლაშა მაჭავარიანი.
SMH Global-ის დამფუძნებელმა BMG-ის ეთერში სპორტის განვითარებასა და ახალი ტალანტების აღზრდაში სპორტული მედიის როლიც შეაფასა.
"სეტანტა დავიწყეთ იმიტომ, რომ გაგვექართულებინა კონტენტი, რომელიც ირლანდიურ სეტანტას ჰქონდა. გაქართულებულ კონტენტს, ბუნებრივია, უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს. როდესაც არის ტელევიზია, რომელსაც შეუძლია გადმოსცეს სპორტული ღონისძიებები, მეტი მაყურებელი უჩნდება. როდესაც ქვეყანაში სპორტული მედია გაქვს, ეს უკვე ბიძგი და მოტივაციაა სპორტსმენებისთვის, რომ მეტი ივარჯიშონ და უკეთესი შედეგები დადონ. იციან, რომ თუ 15 წლის წინ შეიძლებოდა ვინმეს რამე მოეგო და აეროპორტში კაციშვილი არ დახვდებოდა, წელს როგორ ამბებით და ზეიმით ხვდებიან სპორტსმენებს. არ აქვს მნიშვნელობა, პოპულარულ სპორტშია თუ არა, ნებისმიერი შედეგი შუქდება და აღინიშნება. როდესაც სპორტსმენი მოტივირებულია, უკეთეს შედეგს დებს და პოპულარობას იძენს, შემდეგ ჩვეულებრივ ადამიანებსაც სურთ რომ იმავეს მიაღწიონ - ჯაჭვური რეაქციაა", - ამბობს ლაშა მაჭავარიანი.