მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რა საჭიროა კონკურსი, როდესაც კონკურსის გზით არავინ შეირჩევა", - რას ითხოვს ტურიზმის სექტორი

5c2885f60ad90
თელარა გელანტია
30.12.18 15:00
1383
მთავრობა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გამარტივებული კონკურსით - 6 იანვრამდე ეძებს. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

რა სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან - ამ კითხვით მიმართა bm.ge-მ კომპანია ,,ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელს ვატო ასათაშვილს და მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„1. აუცილებელია ინსტიტუციონალური რეფორმა, ტურიზმის ადმინისტრაცია (იქნება ეს დეპარტამენტი/სააგენტო/სამსახური) უნდა გახდეს ძლიერი აღმასრულებელი რგოლი. მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა სახის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების განხილვაში; თუ შენდება ახალი გზა, ახალი ჰესი, ახალი ელექტრო მაგისტრალი, იწყება რეაბილიტაცია რომელიმე კურორტის (აბასთუმანი, ბახმარო, ნუნისი, ა.შ) განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს სწორედ ამ სამსახურმა იმისათვის, რომ ახალი ინფრასტრუქტურის გარშემო არ ჩამორჩეს ტურიზმის განვითარება;

კურორტების განვითარება უნდა მოხდეს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმით, ეს გეგმა უნდა დაამუშაოს სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უკვე არსებული თუ ახლად აშენებული კურორტების განვითარებაზე.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს მთის კურორტების კომპანია, ღვინის კურორტების კომპანია, მინერალური წყლების კურორტების კომპანია და ა.შ. მაგრამ მათ სტრატეგიულ გეგმარებაზე და ამ გეგმების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კონკრეტულმა სამსახურმა;

არ შეიძლება ვიყოთ ხან მიშას, ხან ბიძინას, ხან პეტრეს და ხანაც პავლეს გემოვნების იმედად.

2. საერთაშორისო ბაზარზე სავალდებულო რეკლამის განთავსებას ასევე სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მინიმუმ სამი წლის პროგნოზს მაინც დადებს და მიზანმიმართულად იმუშავებს კონკრეტული შედეგის მისაღწევად. არსებითი მნიშივნელობა აქვს სტრუქტურულად რა სახის ჯგუფები გააკეთებენ რეკლამას ქვეყნის გარეთ. იქნება ეს კერძო კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები, საერთაშორისო მედია ჰოლდინგები თუ ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტები, ეს სტრუქტურაც ტურიზმის ოფისმა უნდა შექმნას. ახლა სტრუქტურა არ გვაქვს, მარკეტინგის ბიუჯეტი ამორფულად იხარჯება, ხან ბლოგერებს უხდიან ფულს, ხან მედიას, ხან ჟურნალისტების მგზავრობის და კვების ხარჯებს ფარავენ, ხანაც მეგობრების სარეკლამო კომპანიები იღებენ ფულს ასობით ათასი ბანერის ბეჭდვაზე.

3. რეგულაციები და ლიცენზიები მტკივნეული თემაა, მაგრამ თუ არ გვექნება ასევე მინიმუმ 3-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება და მკაფიოდ დეკლარირებული პოზიცია, არავის აქვს წარმოდგენა თუ რა მოხდება ხვალ. აიკრძალებათ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურების სექტორში საქმიანობა? რა ვადით იქნება დაცული კერძო საკუთრების უფლებები? რა საინვესტიციო ინიციატივებს უნდა ველოდებოდეთ მთავრობისგან? დღეს თუ სტრატეგიულ დოკუმენტს დაამტკიცებს დღევანდელი ტურიზმის ადმინისტრაცია, ვინ აღასრულებს მას? რა სახის კოორდინაცია გვაქვს სამთავრებო უწყებებს შორის?

სიას შეგვიძლია ჩავყვეთ, მაგრამ ამ გამოწვევებიდანვე ჩანს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვინც არ უნდა იყოს ის ვერ მოაგვარებს ამ მინიმალურ პრობლემებსაც კი, თუ არ იქნება მთავრობის ("ქვეყნის პატრონის") დაინტერესება დაიწყოს ტურიზმის ინდუსტრიის ფუნდამენტური განვითარება, ნებისმიერი საკადრო ცვლილება დარჩება ერთი ფიგურის ჩანაცვლება მეორე ფიგურით.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ უხელმძღვანელებს ტურიზმის ადმინისტრაციას, მისი გვარი შვილით დამთავრდება თუ ძეთი, ქალი იქნება, თუ კაცი?!

მოთხოვნების სიაში მითითებულია სამოტივაციო წერილი - ვინ წაიკითხავს ამ წერილს და ვინ მიიღებს გადაწვეტილებას ამ წერილის მიხედვით?

რა საჭიროა, კონკურსი, როდესაც კონკურსის გზით არავინ შეირჩევა. ქართულ რეალობაში ბევრად უფრო მარტივია, გულწრფელია და რაც მთავარია, ბევრად უფრო ეფექტურია როდესაც დარგის ხელმძღვნელი საქვეუწყებო პოზიციაზე დანიშნავს მის ფავორიტ კანდიდატს. ფავორიტ კანდიდატს ბევრად უფრო დიდი თანადგომა ექნება აღმასრულებელი ჯგუფიდან გადაწყვეტილებების მიღების დროს. უფრო სწრაფად დამტკიცდება და განხორციელდება მეტი პროექტი და ინიციატივა.

სჯობს, ბევრი პროექტი განახორციელო და მათ შორის შეცდომებც დაუშვა, ვიდრე ვერაფერი გააკეთო იმის შიშით რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა.

ვინაიდან დღეს ტურიზმის ადმინისტრაცია ინსტიტუციონალური კუთხით ეფემერული ორგანიზაციაა, 10-დღიანი აბსტრაქტული კონკურსის შედეგად თუნდაც ობიექტურად შერჩეული ხელმძღვანელი ვერანაირ შედეგს ვერ დადებს.

იმედია, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე უკვე არსებობს გადაწყვეტილების მიმღებთა ფავორიტი კანდიდატი და ეს კონკურსიც უბრალოდ ბიუროკრატიული ილუზიაა“, - აცხადებს ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები