ISET-ის კვლევითი ცენტრი აქვეყნებს სამართლებრივ შეფასებას თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათმა საქართველოს საინვესტიციო სტატუსზე. ISET-ის შეფასებით, კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს, რაც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, ასევე წარმოშობს რისკებს რომ ქვეყანაში საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი შემოვიდეს. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ISET-ის კვლევა მიუთითებს, არის კეთილსინდისიერი უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს მიმართ ინტერესის შემცირება, რადგანაც თუკი საქართველოს შესახებ გაჩნდება აღქმა რომ ეს არის გაუმჭვირვალე კაპიტალის დაბანდების ადგილი, მაშინ კეთილსინდისიერი ინვესტორები ქვეყანასთან ურთიერთობას თავს აარიდებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასება ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ოფშორების საგადასახადო შეღავათმა შეიძლება დაარღვიოს ისეთი ორგანიზაციების სტანდარტები, როგორიცაა FATF და OECD-ის BEPS-ის მითითებები.
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში ქმნის მარეგულირებელ გაურკვევლობას ქვეყანაში, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, შეაჩეროს ლეგიტიმური ინვესტორები. თეთრი/სუფთა ინვესტორები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ იურისდიქციებს მკაფიო, თანმიმდევრული და გამჭვირვალე საგადასახადო პოლიტიკით. ხშირმა ცვლილებებმა ან სპეციალურმა გამონაკლისებმა შეიძლება შეარყიოს ნდობა მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართ. გარდა ამისა, ინვესტორებს, რომლებიც ჩართულნი არიან ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობაში, შეიძლება შეექმნათ რისკები მათი მშობლიური ქვეყნების საგადასახადო ორგანოების ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაზრდილი შემოწმების მოთხოვნები იმ იურისდიქციასთან ასოცირებით, რომელიც აღიქმება, როგორც ნაკლებად მკაცრი ფინანსური გამჭვირვალობის მიმართ.
გარდა ამისა, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მკაცრი პოლიტიკა, შეიძლება საქართველოს კანონმდებლობა განიხილონ, როგორც ხვრელი ან თავშესაფარი უკანონო ფინანსური საქმიანობისთვის. ამ აღქმამ შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა და საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების პოტენციური სანქციები. კანონმა ასევე შეიძლება შეაჩეროს რეპუტაციის მქონე ინვესტორები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ სტაბილურ და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს. თუ საქართველო გახდება ცნობილი სარისკო ან უკანონო კაპიტალის მოზიდვით, რეპუტაციის მქონე ინვესტორებმა შეიძლება მოიძიონ უფრო უსაფრთხო, გამჭვირვალე ბაზრები, რათა თავიდან აიცილონ რეპუტაციული რისკები და შესაბამისობის საკითხები. ამრიგად, მარეგულირებელი ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ღრმა საკითხების განხილვა იმპერატიული ხდება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ჯანმრთელობისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ოფშორების კანონი“, იწვევს მნიშვნელოვან შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ არ მოხდეს სანქცირებული სუბიექტების მიერ ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს გამოყენება. ეს ცვლილებები, რომლებიც თითქოს ოფშორული კაპიტალის მოსაზიდად არის გამიზნული, საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსურ მთლიანობასა და საერთაშორისო რეპუტაციას,"- ნათქვამია ISET-ის შეფასებაში.
საქართველოს პარლამენტმა ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმული იყო, რომ კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. პრეზიდენტის ვეტოში ნათქვამია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, ოფშორული ზონების საგადასახადო შეღავათები ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.