მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საფრთხეს უქმნის მიუსაფარ ცხოველებს მთავრობის ახალი განკარგულება? - TI-ს შეფასება

მიუსაფარი ცხოველები
02.04.26 18:20
1517

ცხოველების უკან დაბრუნების ამკრძალავი გამონაკლისები ძაღლის სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, საკვებ ობიექტებთან, ბაზრებთან, მოედნებთან დაბრუნების შესახებ, უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) შეფასებაშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის თებერვალში მთავრობამ დაამტკიცა ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის მართვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც სააგენტო, სავარაუდოდ, 36 116 უპატრონო/მიკედლებული ძაღლების დაჭერას გეგმავს. პროცედურების ჩატარების შემდეგ სააგენტომ ძაღლები უკან, გარემოში უნდა დააბრუნოს. თუმცა, გამონაკლისის თანახმად, აკრძალულია ძაღლის სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, საკვებ ობიექტებთან, ბაზრებთან, მოედნებთან დაბრუნება. ცხოველთა უფლებების დამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ ძაღლები მიჰყავთ და უკან არ აბრუნებენ.

"მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსაც კი. დაუშვებელია ცხოველისთვის ზედმეტი ფიზიკური ან სულიერი ტკივილის მიყენება. ამავე დებულებით, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განხორციელდება ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, ხოლო მათი დაჭერისას ფიზიკური და გონებრივი ტანჯვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

მიუსაფარი ცხოველების კონტროლი უნდა განხორციელდეს ჰუმანური მეთოდებით. შინაურ ცხოველთა უფლებების დაცვის კონვენციის მიზანია, რომ სახელმწიფოებმა გამოიყენონ ისეთი ზომები, რომლებიც არ იწვევს ცხოველთა არასაჭირო ტანჯვას და უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო „მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის შესახებ” რეკომენდაციას უწევს CNVR მეთოდს (დაჭერა-სტერილიზაცია-ვაქცინაცია-დაბრუნება). დოკუმენტის თანახმად:

  • ცხოველების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა არ არის რეკომენდებული;
  • ტერიტორიის შეცვლა იწვევს სტრესს, კონფლიქტს და სიკვდილიანობას;
  • ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ცხოველების იმავე ტერიტორიაზე დაბრუნება.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა. ამავე კანონის თანახმად, ცხოველის კეთილდღეობა მათ შორის გულისხმობს კვებასა და წყალზე ხელმისაწვდომობას; დაავადების პრევენციას; ტკივილისა და ტანჯვისგან დაცვას. ცხოველის სხვა გარემოში გადაყვანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული პირობები, დანაწესის დარღვევას გამოიწვევს.

უფრო მეტიც, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, მე-19 მუხლის თანახმად დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა, მათ შორის ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ტანჯვას. ცხოველის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტამ, რაც იწვევს სტრესს, საკვების არქონას და კონფლიქტს სხვა ცხოველებთან, შეიძლება შეფასდეს კანონის დარღვევად, რაც ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, #412 განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი კანონით უკვე არსებულზე მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს მიკედლებულ ძაღლებთან დაკავშირებით. მაგალითად, კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კრძალავს მიკედლებას მხოლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში/შენობებში (სკოლები, ბაღები, კლინიკები, მეტრო). განკარგულება კი ამ ჩამონათვალს აფართოებს და მოიცავს ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან არსებულ ტერიტორიას, ამასთან, არ არის განსაზღვრული: რა რადიუსში ვრცელდება აკრძალვა; რა კრიტერიუმით ხდება ტერიტორიის შეფასება და ა.შ. ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და კანონთან წინააღმდეგობაშია. ასევე, ეს ქმნის ცუდ პრეცედენტს კანონქვემდებარე აქტით კანონზე მკაცრი შეზღუდვების დასაწესებლად.

ამასთან ერთად, გაუმართლებელია ასევე უკვე გასტერილებული, აცრილი და ნიშნიანი ცხოველების ადგილიდან გადაყვანა, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ პოპულაციის ზრდის საფრთხეს, აქვთ განსაზღვრული ადგილსამყოფელი და მათი გადაყვანა ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ მოაგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მოითხოვს პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის/კასტრაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციულ პოლიტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • ცხოველების უკან დაბრუნების ამკრძალავი გამონაკლისები (142-ე განკარგულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ) უნდა გაუქმდეს;
  • არაჰუმანური მეთოდებით სხვა ქალაქებში გადაყვანის ნაცვლად, ცხოველთა ვაქცინაცია ადგილობრივად უნდა განახორციელონ სამსახურებმა, ისე როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა;
  • შესაბამისმა ორგანოებმა მიმკედლებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ცხოველის დაჭერის ფაქტისა და მიზეზის შესახებ, ასევე ინფორმაცია ცხოველის ადგილსამყოფელისა და დაბრუნების ვადის თაობაზე",- აღნიშნავენ TI-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები