მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საგადასახადო საკითხები უნდა გავითვალისწინოთ დეველოპერებთან ურთიერთობაში? - "გრანთ თორნთონის" რჩევები

გრანთ თორნთონი
17.07.24 19:20
1317

ფიზიკურმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რიგ შემთხვევაში, მას თავად ევალება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დეველოპერულ კომპანიებთან ბარტერული ოპერაციების განხორციელება. მაგალითად, როდესაც თქვენ გადასცემთ დეველოპერს მიწას და სანაცვლოდ მიიღებთ საცხოვრებელ ბინას, ავტოფარეხს ან კომერციულ ფართს.

ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე საკითხს:

1. მდებარეობს თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობა/ნაგებობა, რადგან დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) მიზნებისთვის:

  • მხოლოდ მიწის რეალიზაცია დღგ-სგან გათავისუფლებულია,
  • ხოლო, მიწის და მასზე დამაგრებული შენობა/ნაგებობის რეალიზაცია, წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას იმ შემთხვევაში, თუ კი ორივე რეგისტრირებულია ერთ საკადასტრო კოდზე და ასევე, თუ შენობა/ნაგებობას არ აქვს მინიჭებული საცხოვრებელი ფართის კვალიფიკაცია.

2. თუ თქვენ მიწის ნაკვეთს ფლობთ 2 წელზე მეტი ვადით და შემდეგ მოახდენთ მის რეალიზაციას, მიღებული ნამეტი გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. თუმცა, არის ერთი შემზღუდველი გარემოება: თუ აღნიშნული მიწის რეალიზაციამდე ხდებოდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება (მაგ: მიწა გქონდათ გაცემული იჯარით) და ასეთი გამოყენების დასრულების მომენტიდან მის რეალიზაციამდე არ არის გასული 2 წელი, მაშინ ხსენებული საგადასახადო შეღავათით ვერ ისარგებლებთ და წარმოშობილი ნამეტი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

3. იგივე 2 წლიანი ფლობის ვადა უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მოახდენთ მიწის სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის ან ავტოფარეხის შემდგომ რეალიზაციას.

4. ასევე, სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის ან ავტოფარეხის შემდგომი რეალიზაციის დროს, ამჯერად უკვე დღგ-ს მიზნებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ რომ:

  • არასაცხოვრებელი ან კომერციული ფართის ან ავტოფარეხის რეალიზაცია წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას.
  • მაშინ როდესაც, საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია, თუ ასეთი ოპერაციები არ ატარებს რეგულარულ ხასიათს, დღგ-თი არ დაიბეგრება.

ავტორი: ქეთევან ღამბაშიძე, "გრანთ თორნთონ საქართველოს" საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები