საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა განსახილველად კანონპროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“.
კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მურმან პატარაიას განცხადებით, კანონშემოქმედებითი კუთხით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი,რომელიც მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს ოპერატორებისთვის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის, რადგან სწორედ განახლებადი ენერგიების გამოყენების წილის ზრდაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის მომავალი.
„მადლობა მინდა გადავუხადო კანონპროექტის ავტორებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მექანიზმებზე, სფეროში მომუშავე ეკონომიკური აგენტების მხარდასაჭერად.
ბიოსაწვავი, განახლებადი ენერგიიდან მიღებული პროდუქტია, შესაბამისად კანონი უშაუალოდ ჩვენი წარმოების განვითარებას ეხება, ამიტომაც ხაზი მინდა გავუსვა იმ საკითხებს, რომელიც უკვე არის შეტანილი კანონპროექტში და ასევე იმათ ,რომელიც ვფიქრობ უნდა შევიდეს.
იმედი მაქვს მუშა პროცესში გაითვალისწინებენ ჩვენს მოსაზრებებს და ეს ყველაფერი აისახება კანონმდებლების მიერ დასამტკიცებელ საბოლოო ვერსიაში.
კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯიას“ აქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან და აქტიურად ჩავერთვებით საკომიტეტო განხილვებში.
ზოგადად ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ დაიწყო აქტიური ნაბიჯების გადადგმა განახლებადი ენერგიების მწარმოებელი ეკონომიკური აგენტების მხარდასაჭერად არის უაღრესად დადებითი, კანონპროექტში ასახულია სამთავრობო მხარდაჭერის სქემების ამოქმედების, ათ წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების, სხვადასხვა ვალდებულებების აღების, ე.წ „მწვანე სერტიფიკატების“ სისტემის დანერგვისა და ამოქმედების მექანიზმები. მაგალითისთვის კანონის ერთ-ერთი პუნქტი საუბრობს იმაზე, რომ 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ყველა სახის ტრანსპორტში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტში ენერგიის საბოლოო მოხმარების სულ მცირე 10%“-აცხადებს პატარაია.
მისი თქმით, ბევრი დადებითი მიმართულებებისა კანონპროექტი მიმდინარე ეტაპზე არ მოიცავს არაერთ პრობლემურ თემას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიების მწარმოებელი კომპანიებისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატარაია ბიოდიზელის წარმოებაზე საუბრობს.
„ბიოდიზელის წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი ნედლეული - მოხმარებული საკვები ზეთი, რომელიც სახიფათო ნარჩენია და საჭიროებს უტილიზაციას შემდგომი გადამუშავების მიზნით, ამ ნედლეულს ჩასაფრებულია უცხოელების მიერ ადგილზე დაფუძნებული კომპანია, ისინი აგროვებენ და აგზავნიან მეორად ზეთს საზღვარგარეთ, ექსპორტზე გატანისას კი არ იხდიან არანაირ გადასახადს და ყიდიან მას საკმაოდ ძვირად, ადგილობრივ წარმოებას კი, რომელიც ბიუჯეტში შემომტანია უწევს აქციზის, დამატებითი ღირებულების თუ სხვა არაერთი გადასახადის გადახდა, ყოველივე კი არათანაბარ პირობებს ქმნის ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ნედლეულის წვდომასთან მიმართებაში.
კანონმდებლობამ უნდა შექმნას თანაბარი გარემო ყველა ჩართული მხარისთვის.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ ბიოდიზელის შერევა მოხდება ჩვეულებრივ ნავთობდიზელთან შემდეგი რეალიზაციის მიზნით და ეს ნავთობდიზელი არ არის ბლენდის(შერევის) მწარმოებელი კომპანიის მიერ იმპორტირებული, მას ერიცხება დამატებით აქციზის გადასახადი, ანუ თუ ნავთობდიზელის იმპორტიორი თვითონვე არ მოახდენს შერევას, ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის შემთვევაში მას უწევს ორმაგი გადასახადი.
ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომლიც საჭიროებს სასწრაფო გამოსწორებას და ჰარმონიზებას. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენის აპარატთან და ველოდებით შესაბამის ცვლილებებს.
აუცილებლად უნდა დაიწყოს საუბარი ბიოსაწვავის წარმოებაზე აქციზის მოხსნის მიზნით, რათა ხელი შეეწყოს მის წახალისებასა და გადამუშავების წილის ზრდას, რადგან ჯერ კიდევ ბიოდიზელის მოხმარება ქვეყანაში ნედლეულის სიმწირიდან გამომდინარე ძალზედ მცირეა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და წარმოადგინოს შესაბამისი მხარდაჭერის სქემები.
ეს არის ის მცირე, მაგრამ უმთავრესი ჩამონათვალი იმ საკითხების, რომლის ასახვაც ჩემი აზრით უნდა მოხდეს კანონპროექტში, ჩვენს შენიშვნებს კი დეტალურად წარვუდგენთ მიმდინარე კვირაში შესაბამის კომიტეტს.
ამ მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მედიისა და საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის მაღალი ინტერესი, განხილვების მოწყობა და დისკუსები თემაზე, იმედი მაქვს პროცესი ინტერაქციული იქნება ყველა მხრიდან.
საბოლოო ჯამში ის, რაც ხდება არის ნაბიჯი წინ, ქვეყანას აქამდე არ ქონდა დარეგულირებული განახლებადი ენერგიების წარმოებისა და მხარდაჭერის სქმები, მისი დახვეწა და სრულყოფა უკვე პოლიტიკური ნების, დროის და მუშაობის საკითხია“-აცხადებს პატარაია.