თბილისის მერია, ეროვნული ბანკი, საჯარო რეესტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ომბუდსმენის აპარატი, შემოსავლების სამსახური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი –ეს არ არის სრული სია, 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღებას გულისხმობს ემიჯნება. საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება. სხვა და სხვა უწყების ასობით თანამშრომლის ამ პოზიციას წაკითხულის გააზრების პრობლემას უკავშირებს ირაკლი კობახიძე. კახა კალაძე კი რეორგანიზაციით იმუქრება და ამბობს, რომ პროცესი მერიაში უკვე დაწყებულია.
როდის დაიწყო თბილისის მერიამ რეორგანიზაციის პროცესი, კონკრეტული თარიღი უცნობია. დამატებით განმარტებებს დედაქალაქის მთავრობაში ჯერ არ აკეთებენ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გვიხსნის, რომ საჯარო მოხელეებს თავიანთი პოზიციის გაჟღერების უფლება აქვთ და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საბაბი. მისი თქმით, შრომითი კანონმდებლობა, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს რეორგანიზაციის პროცესს დეტალურად აღწერს და მისი გამომწვევი მიზეზები ორგანიზაციამ მკაფიოდ უნდა იყოს ახსნას.
“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ აქვთ გამოხატვის თავისუფლება, პროტესტის თავისუფლება იმ დროში, როდესაც ისინი არ მუშაობენ. სამსახურისგან თავისუფალ დროს, ადამიანები განკარგავენ თავისი შეხედულებისამებრ, ამაში ვერ დამსაქმებელი და ვერ ნებისმიერი სხვა პირი ვერ შეზღუდავს.
რეორგანიზაცია ერთი მხრივ თუ ცხადდება ორგანიზაციაში, განსაკუთრებით თუ სახელმწიფო უწყებაზე ვსაუბრობთ, უნდა მტკიცდებოდეს და იყოს დასაბუთებული მისი მიზნობრიობა, საჭიროება რამ გამოიწვია ეს რეორგანიზაცია. ამის შემდეგ თუ რეორგანიზაცია თავისი შინაარსით გულისხმობს კადრების შემცირებას ეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დასაბუთდეს. რატომ გულისხმობს აუცილებლად შედეგობრივად რეორგანიზაცია კადრების შემცირებას. იმიტომ რომ რეორგანიზაცია ტოლობის ნიშნით არ ნიშნავს კადრების შემცირებას.
შესაბამისად, ეს არის მტკიცების ტვირთი იმ დაწესებულების ვინც ამ რეორგანიზაციას ახორციელებს”, - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.
GLCC-ის მმართველი პარტნიორი შალვა ცხაკაია ამბობს, რომ დღეს საჯარო მოხელეებს როგორც შრომის კოდექსი, ისე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი იცავს, რომელიც ძალიან ძლიერ სამართლებრივ გარანტიებს აძლევს საჯარო სექტორში დასაქმებულებს. მისი შეფასებით, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დავები ხშირად დასაქმებულის სასარგებლოდ სრულდება, რადგან რეორგანიზაციის დასაბუთება ვერ ხდება.
“საბედნიეროდ სასამართლო ძალიან მკაცრად უყურებს რეორგანიზაციის საფუძვლებს და ხშირად ახერხებს იმის განსხვავებას რამდენად ნამდვილად რეორგანიზაციის მიზნებისთვის კეთდება რეორგანიზაცია. თუ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა კონკრეტული სამიზნე ჯგუფების წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევებში ძირითადად დამსაქმებელი აგებს შრომით დავებს და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც საჯარო სამსახურები აგებენ შრომით დავებს საჯარო მოხელეებთან.”- აცხადებს GLCC-ის მმართველი პარტნიორი შალვა ცხაკაია.
ბოლო წლების სასამართლო პრაქტიკას იშველიებს ადვოკატი ნინო ლიპარტიაც, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ რეორგანიზაცია კერძო თუ საჯარო სტრუქტურამ დისკრიმინაციის საფუძველზე დაიწყო, დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულისთვის განაცდური დღეების ანაზღაურებას და ასევე თანამდებობაზე პირის დაბრუნებას. ლიპარტია ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესში დასაქმებულებმა მთავარი ყურადღება ვადებს უნდა მიაქციონ და პროცესში იურისტები დროულად ჩართონ.
“შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღეში მხარემ უნდა მიმართოს დასაქმებულს და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება და გამოითხოვოს დოკუმენტაცია თუ მას არ აქვს ეს. მხოლოდ ამ პასუხის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ვადებთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ყურადღებით, რადგან ვადების ამოწურვის შემდგომ ესპობათ ეს უფლება, რომელიც კანონმა მიანიჭა და ამას ვეღარ გამოიყენებენ.”- აცხადებს ადვოკატო ნინო ლიპარტია.




























