შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინა.
მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმა წყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო.
ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო. მათ შორის, განხორციელდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV–თან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებსა და პროექტირებაზე.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, დაიწყება დაახლოებით 1 კმ სიგრძის მქონე ტალღმტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შემოტანა სამშენებლო მოედანზე და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი სპეციფიკური და რთული საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, დაქირავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპელი დამოუკიდებელ ინჟინერთა გუნდი.
„დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება,“ - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.