საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მშენებარე გზის ხარისხის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. უწყების თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება როგორც გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი, ისე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.
მათ შორის, კონტროლდება ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ხარისხი, არმატურა, გზის საფუძვლის ფენები, საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობა, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
"ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა.
შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის გეგმურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს", - წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ქვეშეთი-კობის პროექტი ორ ძირითად სამშენებლო ლოტად არის დაყოფილი. ყველაზე მსხვილი ნაწილია 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელსაც ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ახორციელებს. 902 მილიონი ლარის ღირებულების ამ კონტრაქტის ფარგლებში ორივე გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მათი შიდა მოპირკეთება, ელექტრომექანიკური და ვენტილაციის სისტემების მოწყობა. დასრულების შემდეგ ეს გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება.
პროექტის მეორე, 12.7-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს. 317 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიცავს 5 ხიდის, 4 გვირაბის მშენებლობასა და ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მონაკვეთზეა ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დარჩენილი.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში გზის მშენებლობაზე ჯამურად 79 მილიონი ლარი დაიხარჯა.
























