მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საზედამხედველო სამუშაოები სრულდება რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე? - მინისტრის პასუხი

ინფრასტრუქტურის მინისტრი
BM. GE
30.10.23 12:28
53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის პროექტის მშენებლობის საზედამხედველო სამუშაოების შესახებ და აღნიშნა რომ გუნდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეირჩა.

"ეს არის პროცედურა, სადაც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა მხოლოდ ამ ორგანიზაციების დადასტურების შემდეგ ხდება. მათ შორის, დასტურდება ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოს მიღება“, - განაცხადა მინისტრმა.

რიკოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, ხარისხზე დაფუძნებული 80/20 პრინციპით შერჩეული საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან. თავად კომპანიებში მუშაობენ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის, 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო სპეციალისტი: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების, საგზაო უსაფრთხოების, ხარისხისა და მასალების კონტროლის ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტები.

მინისტრის განმარტებით, სწორედ მათი ზედამხედველობის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის საფუძველზე ვლინდება ხარვეზები და ხდება მათი გამოსწორება.

"საკონსულტაციო, მათ შორის, საპროექტო, საზედამხედველო, თუ სხვა ტიპის მომსახურების შერჩევისას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მკაცრად დადგენილი კრიტერიუმები და მოთხოვნები გააჩნიათ. აქ ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი სხვა პროცედურებისგან არის ის, რომ ხდება გუნდის ტექნიკური შეფასება, სადაც ქულების 80% ენიჭება ტექნიკურ მონაცემებს, ხოლო 20% - ფასს. ამ პრინციპის დაცვით იქნა შერჩეული პროექტირებაში ჩართული ამერიკული, იტალიური, თურქული კომპანიები (აეკომი, აიარდი, თემელსუდა სხვა) და საზედამხედველო სამხრეთ კორეული, ფრანგული, თურქული კომპანიები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტენდერით გამოვლენილი კომპანიების და მათი სპეციალისტების გარდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პროცესში დამატებით რთავენ დამოუკიდებელ ექსპერტებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობის შედეგად ხდება მომზადებული პროექტის სატენდეროდ აღიარება, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მკაცრად დადგენილი პროცედურა არსებობს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვისაც, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია, თუ ვის აქვს ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება და რა ტექნიკურ და ფინანსურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე, პროცედურის მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, სავალდებულოა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის დონორი ორგანიზაციის როგორც შუალედური, ისე საბოლოო დასტური.

სწორედ, ამ პროცედურების და მოთხოვნების ერთობლიობით, ჩატარდა რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე შესაბამისი ღია სატენდერო პროცედურები, რომლის შედეგადაც, ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში, ოთხ მონაკვეთზე შეირჩა ოთხი სხვადასხვა კომპანია. კომპანიებმა დააკმაყოფილეს აღნიშნული მოთხოვნები და ამავდროულად წარმოადგინეს უდაბლესი ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები