მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სჭირდებათ ქართულ კომპანიებს საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებში მონაწილეობისთვის? - Black Sea Group-ის შეფასება

ბლექსი გრუპი

სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია სრულად ქართულმა კომპანია Black Sea Group-მა განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები 62 დღეში, ივნისის ბოლოს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ კი €5.5 მილიონი შეადგინა.

კითხვაზე - რა სჭირდებათ ქართულ კომპანიებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარი აითვისონ, Black Sea Group-ის ბიზნესოპერაციების ხელმძღვანელი ანდრია წულუკიძე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კომპანიის გამოცდილებას ასახელებს, რომელიც 20 წელს ითვლის.

"გჭირდება შენს რეგიონში გამოცდილება, ნდობა, ხარისხის კონტროლი - ზუსტად ამ მექანიზმებით გავედით ევროპულ ბაზარზე, სადაც კიდევ სხვა ხედვა ვნახეთ. დღეს ვემზადებით შუა აზიისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამ ბაზრებს ვსწავლობთ და გვინდა, რომ მოვერგოთ და გავიტანოთ ჩვენი გამოცდილება იქ, რადგან 20 წელი არ არის ცოტა, ძალიან დიდი გამოცდილებაა.

კრიზისულ მომენტებში, იქნება ეს ინფლაცია, კოვიდი, ფასების მერყეობა თუ სხვა, ვადების დაცვისა და მაღალი ხარისხის შენარჩუნების საშუალებას მხოლოდ ხარისხის შიდა კონტროლი გვაძლევს, რასაც დღემდე ვაგრძელებთ", - განაცხადა ანდრია წულუკიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წულუკიძე განმარტავს, რომ კომპანია ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობს, რომელთა შორისაცაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამასთან, Black Sea Group-ის წარმომადგენელმა კომპანიისთვის გამორჩეული დასრულებული პროექტებიც დაასახელა.

"ჩვენს პროექტებს შორის გამოვარჩევდი ბოლოს დამთავრებულ ორ პროექტს, რომელთა დამკვეთიც თბილისის მერია იყო. მათგან ერთ-ერთი ბაგები-წყნეთის მიმდებარე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები იყო, რომელზეც კონტრაქტში 240 დღე გვეწერა და 120 დღეში, ორჯერ ნაკლებ პერიოდში დავამთავრეთ. ასევე, ბოლოს დავასრულეთ სამაგრი კედლის მშენებლობა მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან “გაგრასთან”, სადაც მიწა ჩავარდა", - აღნიშნა წულუკიძემ.

Black Sea Group-ის ყველა აღნიშნული პროექტი "თეგეტასთან" თანამშრომლობით განხორციელდა. როგორც ანდრია წულუკიძე BMG-ის ეთერში აღნიშნავს, აღნიშნული პარტნიორობა საოპერაციო საქმიანობის სრულად გადაზღვევას უწყობს ხელს.

"ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პროექტებში ვმონაწილეობთ, სადაც ყოველი შეფერხება, მანქანის გაჩერება, ყოველი წუთის დაკარგვა ძალიან ძვირად ფასობს. "თეგეტა" გვიდგას გვერდში სრული სერვისით, ნაწილებით, მექანიზმებით, ზეთით, საბურავებით, საოპერაციო ნაწილში სრულად ვართ გადაზღვეული ყველაფრით. რაოდენობა და მიწოდება სტაბილურია" - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები