მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Enguri?

ენგური

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სვანეთში გამოვლინდნენ. მათ შორისაა, სტარტაპი Enguri.

სტარტაპის თანადამფუძნებელი, ლიზი ჯაფარიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ Enguri მიზნად ისახავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში სამუშაოს ავტომატიზებას (workflow automation), რომელიც, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერითა და მორგებული პლატფორმის შეთავაზების გზით, უზრუნველყოფს ოპერაციულ კოორდინაციას, ეფექტურ თანამშრომლობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და საერთო პროდუქტიულობას.

„იდეა ჯერ კიდევ 6 თვის წინ გაგვიჩნდა. გადავწყვიტეთ ინფორმაცია მოგვეძიებინა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად ხელშეკრულების შედგენა. როდესაც დადებითი პასუხი მივიღეთ, გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტზე მუშაობა დაგვეწყო. დავწერეთ კოდი, გავაკეთეთ სკრიფტი და შევქმენით პლატფორმა Enguri.

პლატფორმა არის საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების მენეჯმენტის მიმართულება, რომელიც მიზანმიმართულია სტრუქტურული ერთეულებისკენ, როგორიცაა მერია, სკოლა და სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია. პლატფორმის შექმნისთვის რაიმე ინვესტიცია არ განგვიხორციელებია, მხოლოდ ადამიანური რესურსების დახმარებით ავაწყვეთ. ყველაფერი „გუგლის“ მეშვეობით გავაკეთეთ, რომელსაც უკვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებით იყენებენ. თუმცა, ჩვენი მიზანი მასშტაბების ზრდაა. სწორედ ამიტომ GITA-ს საგრანტო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა. პლატფორმის შეძენა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, დაახლოებით 5000 ლარი იქნება განსაზღვრული. ხოლო აიპის შემთხვევაში 2500 ლარი“,- აცხადებს ჯაფარიძე.

სტარტაპის თანადამფუძნებლის თქმით, პლატფორმაზე წვდომა ყველას არ აქვს და ის ინტერნეტში არ მოიძებნება. მისივე ცნობით, პროგრამით დაინტერესებულებმა პირველ რიგში მათთან უნდა გაიარონ კონსულტაცია, რის შემდეგაც პლატფორმა მომხმარებლის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სტარტაპში ჯამში 3 ადამიანია დასაქმებული. თუმცა კომპანია კადრების დამატებას გეგმავს. ამასთან, Enguri აანონსებს, რომ მომდევნო მუნიციპალიტეტი, რომელშიც შესვლას გეგმავენ, ფოთი იქნება, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები