სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვანი არხია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის, თუმცა სააგენტო ფორუმის მიღმა მუშაობს პროექტების განვითარებისთვის. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ დღეს განაცხადა.
“ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ცნობადობის გაზრდისთვის და პირველადი კონტაქტებისთვის, თუმცა ჩვენ მის მიღმა ვმუშაობთ უფრო მეტს, გვაქვს სამუშაო შეხვედრები და ვიზიტები, ე.წ. G2B შეხვედრები, სადაც პირდაპირ ვხვდებით ინვესტორებს, ამიტომ, ორივე მიმართულებით პროცესშია პროექტები. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთი TOP საინვესტიციო მიმართულებაა, რომლებზეც დღეს სააგენტო მუშაობს, მათ შორის რამდენიმე მსხვილ პროექტზე, რომელთა ნაწილი თითქმის ბოლომდეა მიყვანილი”, - ამბობს მიხეილ ხიდურელი.
მისი თქმით, პროექტები ხორციელდება სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სექტორებში, ასევე მუშაობა მიდის რამდენიმე ლოგისტიკურ პროექტზეც, თუმცა უცნობია, როდის გვექნება მათზე მეტი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი თბილისში 15 თებერვალს გაიმართა და მას ორივე ქვეყნის 300-მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია, ასევე საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.