მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი ექნება ირანთან ომს აშშ-ის ეკონომიკაზე?

ტრამპი

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ორი კვირის თავზე, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და მომდევნო 12 თვის განმავლობაში რეცესიის დაწყების რისკი 25%-მდე გაზარდა.

ანალიტიკოსების მთავარი საფიქრალი ნავთობის მკვეთრი გაძვირებაა, თუმცა შიში მხოლოდ ენერგორესურსებს არ უკავშირდება, რადგან საფრთხე ემუქრება სასუქებისა და ჰელიუმის მიწოდებასაც, რაც კრიტიკულია ნახევარგამტარების წარმოებისთვის.

Goldman Sachs-ის ეკონომისტების გათვლით, ნავთობის ფასის ყოველი 10%-იანი მატება ინფლაციას 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდის. ბანკის პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი მარტსა და აპრილში $98 იქნება, რაც 2025 წლის საშუალო მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

გეოპოლიტიკური რისკის ზრდა პირდაპირ აისახება ბიზნესის გეგმებზეც. კომპანიები აფერხებენ კაპიტალურ ინვესტიციებს და ახალი კადრების აყვანის პროცესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Goldman-ი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 2.9%-ს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფედერალური რეზერვის 2%-იან სამიზნე ნიშნულს.

ამასთან, თუ ადრე ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების პირველი შემცირება ივნისში იყო მოსალოდნელი, ახლა Goldman-ი ამას მხოლოდ სექტემბერში პროგნოზირებს. ამასთან, უმუშევრობის დონე მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, 4.6%-მდე გაიზრდება.

მიუხედავად ნეგატიური ტენდენციებისა, არსებობს დადებითი გარემოებაც, მაგალითად, აშშ-ის ეკონომიკა დღეს ნაკლებად არის დამოკიდებული ნავთობზე, ვიდრე 1970-იანი წლების კრიზისის დროს. გარდა ამისა, საფონდო ბაზარი წელს მხოლოდ 1%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დანაზოგებს ჯერჯერობით კატასტროფული ზიანი არ მისდგომია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები