2025 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ ყოფილა. ეს საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის უჩვეულო არ არის, რადგან როგორც წესი, წლის ბოლოს ქვეყანა ელექტროენერგიას ყიდულობს, იმიტომ, რომ შიდა გენერაცია დაბალია მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ბირჟაზე ვაჭრობა შედარებით აქტიური მე-2 და მე-3 კვარტალებია ხოლმე, როცა სეზონური ჰესები იწყებენ მუშაობას.
დეკემბრის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ბალანსი აჩვენებს, რომ ქვეყანას თბოსადგურების ამუშავება და იმპორტი დასჭირდა.
რაც შეეხება მე-3 კვარტალის მონაცემებს, დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა ივაჭრეს ჯამში 34,850 მგვტ.სთ ელექტროენერგია, რაც ამავე წლის მეორე კვარტალში რაოდენობაზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა 3-ჯერ აღემატება 2024 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს.
ამ დროისთვის დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისათვის რეგისტრირებული იყო 24, ხოლო დღიურ ბაზარზე მონაწილეობისათვის - 17 მონაწილე. ივლისში საშუალო ფასი 132.43 ლარი/მგვტ.სთ (13.2 თეთრი კვტ.სთ-ზე) დაფიქსირდა, ხოლო აგვისტოში 144.13 ლარი/მგვტ.სთ.


























