მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მოჰყვება ექთნებისთვის მინ. ხელფასის დაწესებას - ქეთევან ჩხატარაშვილის მოლოდინი

64b3a52b2781d
თინათინ ნატმელაძე
17.07.23 09:30
3175
"მე მესმის და რა თქმა უნდა, რომ ადამიანმა, რომელიც შრომობს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს და ეს ანაზღაურებები უნდა იყოს დროული, თუმცა მე მგონია, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ სექტორისთვის, რომელიც მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს, ამ დროს კი ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვდგევართ, რომ ერთ დღეს სისტემა ჩამოიშლება, იმიტომ რომ კლინიკები ვერ შეძლებენ ამხელა ფინანსური ტვირთის გაწევას,", - განაცხადა ჯანდაცვის სპეციალისტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა "საქმიან დილაში" ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებების შესახებ საუბრისას.

გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ექიმებისა და ექთნების შემდეგ მინიმალური ხელფასის დაწესებას სხვა მედპერსონალისთვისაც ითვალისწინებს. საუბარია სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარის, ექთნის თანაშემწისა და დამლაგებლის პოზიციაზე დასაქმებულებზე, რომელთაც კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს განსაზღვრულ თანხაზე ნაკლებს ვეღარ გადაუხდიან. ჯამში საუბარია 6 ათასამდე ადამიანზე, რომელთაც რეფორმა სავარაუდოდ სექტემბრიდან შეეხებათ.

ქეთევან ჩხატარაშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები, ცხადია, რომ საჭიროა, თუმცა ამავდროულად საკმაოდ კომპლექსური საკითხიცაა, ამიტომ დეტალურ განხილვას და სწორ განხორციელებას მოითხოვს, რაც ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევაცაა.

"მაგალითად ავიღოთ ექთნის თანაშემწე, რომლის ყოლის ვალდებულებაც კლინიკებს არ აქვთ, თუმცა მისი როლი ნამდვილად საჭიროა იმ პროცესში, რომ პაციენტს სრულყოფილი მომსახურება გაეწიოს. ამ ადამიანებს დღეს მკაცრად განსაზღვრული ვალდებულება არ აქვთ, მათი ყოლა კი კლინიკის ინტერესშია, რადგან მნიშვნელოვნად მსუბუქდება ექთნის შრომა და მომსახურების ხარისხი უმჯობესდება. სწორედ ამ პროცესში ორი მთავარი გამოწვევა იჩენს თავს - საიდან უნდა მოიტანოს კლინიკამ ამ პერსონალისთვის საჭირო ანაზღაურება და მეორე, ადამიანური რესურსი - ანუ, აქვს თუ არა კლინიკას იმდენი რესურსი, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს", - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი.

მისივე ცნობით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა და ასე შემდეგ, კლინიკებისთვის საკმაოდ დიდ ფინანსურ ტვირთთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ახალი ცვლილებებიც ანალოგიურად დიდი ტვირთი და საკმაოდ რთული განსახორციელებლი იქნება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები