შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოფიციალურმა თეირანმა კვლავ უარი განაცხადა ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
განმარტებისთვის, განხილვის თემები იყო: ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვული ობიექტების სრული განადგურება და ბირთვული პროგრამის გაუქმება, ასევე გამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემა, ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილის განადგურება და მათ წარმოების გაჩერება და რეგიონული ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა.
როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმის მყარ გარანტიებს ითხოვდა, რაზეც აიათოლას ხელისუფლებისაგან კონკრეტული დაპირება ვერ მიიღო.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ყველაზე ინტენსიური უწოდა და თქვა, რომ ეკონომიკური სანქციების გაუქმების გარეშე ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგება. მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური პროცესი არ გაიყინება და მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება. შეგახსენებთ, თეირანი სამშვიდობო, ენერგეტიკული მიზნებისთვის ურანის გამდიდრების უფლების შენარჩუნებას ითხოვს და ამერიკული მხარის ულტიმატუმებს მტკიცედ ეწინააღმდეგება.
დაძაბული გეოპოლიტიკური მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების ფონზე, უცვლელად მაღალ მაჩვენებელზე დარჩა WTI-სა და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასებიც. ექსპერტები შიშობენ, რომ დიპლომატიური გარღვევის არარსებობამ შესაძლოა უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ამერიკულმა მხარემ თითქმის დაასრულა რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზების ერთთვიანი პროცესი.




























