მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოუტანს ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებით ინსპექტირებაზე ფასის დაწესება?

63b6a1ab60f60
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 15:00
1152
2023 წლის პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებისთვისაც ტექინსპექტირება 60 ლარი ღირდა, განმეორებითი ტექინსპექტირებისას 20 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის (სატვირთო ავტომობილები, სამგზავრო საშუალებები), რომლებისთვისაც პირველადი ტექინსპექტირება 100 ლარი ღირდა, განმეორებითი ტექინსპექტირება 30 ლარი ეღირება. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირების ღირებულება 15 ლარი იქნება.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის შეფასებით, განმეორებით ტექინსპექტირებაზე ფასის დაწესება, ინსპექტირებისას ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელს შეამცირებს, თუმცა თავად ტექინსპექტირებისთვის შემოსავლის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება.

„ეს ცვლილებები ძირითადად იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რომელიც ტექინსპექტირების ცენტრებს ჰქონდათ. მეხუთე წელი დაიწყო და ინსპექტირების საფასური 60 ლარია და ძალიან რთულია ამ პირობებში პერსონალის, შენობა-ნაგებობების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე მთავრობამ ასეთი ტიპის გამოსავალი ნახა და პირველადი ინსპექტირების საფასურის ცვლილების ნაცვლად, მეორად ინსპექტირებაზე ფასი დააწესა.

პირველადი ინსპექტირების დროს ავტომობილების დაახლოებით 30% ხარვეზდებოდა, ვფიქრობთ, ახალი რეგულაციების ამოქმედებით ეს რიცხვი მესამედზე ნაკლები იქნება, ისინი მთლიანი საფასურის მხოლოდ მესამედს გადაიხდიან, რაც ტექინსპექტირების ცენტრებისთვის შემოსავლებს დაახლოებით 9-10%-ით გაზრდის. ცენტრებისთვის არსებულ ვითარებაში ეს დიდი რიცხვი და მნიშვნელოვანი შვება არ არის“, - განაცხადა იორდანიშვილმა მედიაცნეტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები