მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეღავათებს სთავაზობს "ოცნების" მთავრობა ტრანსნაციონალურ კომპანიებს? - კანონპროექტი პარლამენტშია

5c4747f9da0ec
თელარა გელანტია
22.01.19 20:40
1395
ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში გახსნიან მთავარ ოფისებს, ინოვაციურ ცენტრებს, ლაბორატორიებს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები ექნებათ.
ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტისაქართველოს პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია.

„პროექტის მიხედვით, საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას, შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და გათავისუფლდეს:

• დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას;

• დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან;

• ქონების (გარდა, მიწისა) გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც მხოლოდ საქართველოს რეზიდენტია, არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით საერთაშორისო კომპანიიდან დაქირავებით საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით დაიბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება.

საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, დაადგინოს ისეთი ხარჯების ჩამონათვალი, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიას ექნება უფლება, გადასახდელი მოგების გადასახადი შეამციროს ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათები იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

უფრო კონკრეტულად, რამდენად „უნიკალურია“ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, bm.ge ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები